პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

აბაშიძე: ენმ-ს წევრები საუბრობენ, რომ ეკლესია ატარებს კრემლის ინტერესს

timer.ge

ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული ეკლესია ქვეყანაში რუსულ ინტერესებს ატარებს. ზურაბ აბაშიძემ დღევანდელ საპარლამენტო დებატებზე უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს ამ საკითხზე პასუხის გაცემა მოსთხოვა და განაცხადა, რომ სხვა შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტისახელმწიფოებრივი ძალაა.

"ძალიან მნიშვნელოვან და შემაშფოთებელ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე მივმართავ უმცირესობის ლიდერს ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი ამ მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენ როდესაც დავდივართ და ვხვდებით უცხოელ კოლეგებს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ოდიოზურ პიროვნებებს ვგულისხმობ, საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავარი მტერი არის ეკლესია. საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ეკლესია ატარებს რუსულ, კრემლის და პუტინის ინტერესს, რომ ვითომ საქართველოს განვითარებას, ევროპისკენ სვლას და ევროატლანტიკურ სივრცეში წინსვლას ხელს უშლის ეკლესია. მოვითხოვ თქვენგან, ყველას გაეცით ამაზე პასუხი. სხვა შემთხვევაში, თქვენ ხართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მთელი გულწრფელობით ვიძახი ამას", – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური ანგარიში უკვე წარადგინა.

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში სიტყვით ფრაქციის წევრები გამოდიან. შემდეგ, 45-45 წუთი უმრავლესობას და უმცირესობას მიეცემა. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაასრულებს თავისი გამოსვლით.

კომენტარები