პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

ჩიქოვანი: პრაქტიკულად, ახალი ოკუპაციის ხაზი გაევლო საქართველოს ტერიტორიაზე

ირაკლი ჩიქოვანი
გოჩა ლეჟავა / www.radiotavisupleba.ge

ფრაქცია ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ევროპისკენ მიმავალი გზის მხოლოდ დასაწყისია. როგორც მან პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას თქვა, საქართველო ახლო მომავალში მზად უნდა იყოს შესაძლო მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის. ირაკლი ჩიქოვანმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის იბრძვიან. მან ისაუბრა ვილნიუსის სამიტზე მიღწეულ წარმატებასა და ევროინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომელზეც ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდებიან.

"ჩვენ კარგად ვნახეთ, რა შეიძლება მოხდეს იმ ქვეყნებში, რომელშიც გამოცხადებული ინტერესია ევროკავშირის მიმართ და სადაც გამოცხადებული სტრატეგიული ვექტორი ევროპის კავშირია. ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გამოვიტანოთ ძალიან სწორი მაგალითები და დავიწყოთ მზადება იმისთვის, რომ საქართველოს შეიძლება ძალიან მალე მნიშვნელოვანი გამოწვევები დაუდგეს. ეს გამოწვევები ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ და ამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლიდერების როლი, თქვენი როლი და მთავრობის როლი, რომელმაც უშუალოდ უნდა განახორციელოს ეს რეფორმები", - მიმართა ჩიქოვანმა პრეზიდენტს.

მისი თქმით, საქართველო მზად უნდა იყოს როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ხასიათის გამოწვევებისთვის.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს დაუდგება არამხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის გამოწვევები, რომელიც ჩვენ ძალიან ახლო წარსულში ვნახეთ - პრაქტიკულად, ახალი ოკუპაციის ხაზი გაევლო საქართველოს ტერიტორიაზე და პრაქტიკულად, მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის დამატებითი ანექსია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ეს არ იქნება მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის. გვექნება ასევე ეკონომიკური ხასიათის პრობლემები და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ჩვენ დავხვდეთ მზად, ვიყოთ მომზადებული იმისთვის, რომ ევროპის კავშირიდან გამოწვდილი დახმარების ხელი მიიღოთ და ერთად შევძლოთ ყველა სიძნელის გადალახვა", - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური ანგარიში უკვე წარადგინა. 

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში სიტყვით ფრაქციის წევრები გამოდიან. შემდეგ, 45-45 წუთი უმრავლესობას და უმცირესობას მიეცემა. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაასრულებს თავისი გამოსვლით.

კომენტარები