პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

გაბაშვილი პრეზიდენტს: უკრაინაში არეულობა პუტინის დამსახურებაა და ეს უნდა თქვათ

geonews.ge

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან არ არის სწორი ტაქტიკა, როდესაც არცერთი სიტყვით არ ახსენებს რუსეთის დანაშაულებრივ როლს უკრაინაში მიმდინარე პროცესებში.

"თქვენ ინარჩუნებთ იმ ტრადიციას, იმ ტაქტიკას, იმ სტრატეგიას, იმ ხედვას და შეხედულებას, რომ არცერთი სიტყვით არ ახსენებთ რუსეთის დანაშაულებრივ როლს უკრაინის ამბებში. ის, რაც დღეს ხდება კიევის ქუჩებში, ლვოვის ქუჩებში, უკრაინის ქალაქებში, არის ცივილიზებული კაცობრიობის მთავარი მტრის, დღევანდელი მსოფლიოს მთავარი კიბოსი, თავისუფლების და ცივილიზაციის მტრის - ვლადიმირ პუტინის დამსახურება და მგონი, ამ დარბაზში ეს ძალიან პირდაპირ უნდა ითქვას. ის, რომ უკვე წელიწად-ნახევრია, ცდილობთ, ყვავს არ უწოდოთ ყვავი იმის იმედით, რომ ის ოდესმე გუგული გახდება, არ არის სწორი ტაქტიკა. რაც უფრო გარკვევით და თამამად დაუდგებით მხარში თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს, უკეთესია. როგორც ისინი დაგვიდგნენ თავის დროზე მხარში, და როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თბილისის მოედანზე ჩამოსვლით და ჩვენთან ერთად დგომით ომის დროს დაგვიჭირა მხარი, ზუსტად ისეთივე მხარდაჭერა ეკუთვნის დღეს უკრაინელ ხალხს და მე მგონი, ეს მხარდაჭერა ძალიან გარკვევით უნდა ეთქვას", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური ანგარიში უკვე წარადგინა. მან დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში უკრაინის საკითხით დაიწყო. მარგველაშვილის თქმით, პროცესში ევროპელი ლიდერების აქტიური ჩართულობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიონ და პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს.

"ეს პროცესი დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მოხდა ძალადობის გამოყენება. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ეხმარა ყველა ღონე იმისთვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან. გუშინაც მე მოვუწოდებდი პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალიან გადამწყვეტი პოლიტიკური, და არა ძალადობრივი, ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა - ერთდროულად, თითოეული ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე და, ამავე დროს, ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა. მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის დაკარგული. ევროპელი ლიდერების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური კონსენსუსი, ევროპელი ლიდერების თაოსნობით წამოწყებულ პროცესებმა მიიყვანოს უკრაინის საზოგადოება ამ პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტამდე", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში სიტყვით ფრაქციის წევრები გამოდიან. შემდეგ, 45-45 წუთი უმრავლესობას და უმცირესობას მიეცემა. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაასრულებს თავისი გამოსვლით.

კომენტარები