პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

მარგველაშვილი დე ფაქტო ლიდერებს: ნუ მოაქცევთ აფხაზებს და ოსებს იზოლაციაში

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს მიმართა და მოუწოდა, ნუ წავლენ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ.

"ნუ ეცდებით ახალი ბარიერის შექმნას იმ ხალხებს შორის, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ერთიანი სახელმწიფოებრიობა აკავშირებს. ჩვენი ერთიანობა მრავალი შეცდომისა და გარე ძალების ჩარევით დაირღვა, რაც ძალიან მძიმედ,  ჩვენივე ხალხის სისხლის ფასად დაგვიჯდა. დღეს საფრთხის ქვეშ დგას აფხაზეთისა და ოსების იდენტობა და თვითმყოფადობა. მის დაცვის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს. ამიტომაც, თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების და, ზოგადად, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიური მიმართვისას, აფხაზებს და ოსებსაც მიმართა.

"ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ქვეყანას, თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც იქნება მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და მათი პოლიტიკური უფლებების ხელშეწყობის გარანტი", - თქვა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მშიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. პრეზიდენტის განცხადებით, უნდა მოხდეს დევნილების უპირობო დაბრუნება. 

"მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს გაეროსა და ეუთოს როლი ამ პროცესში და ეს ხალხი დაუბრუნდეს თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს, საიდანაც გამოდევნეს. მინდა აღვნიშნო, რომ არაღიარების კურსი არ ნიშნავს იზოლაციონიზმს. თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ევროპული კურსიდან მიიღონ პირდაპირი სარგებელი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები