პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

პრეზიდენტის გამოსვლა ერთ საათში დაიწყება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა პარლამენტში 14:00-ზე დაიწყება. პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის განცხადებით, ყველა საკითხი მოწესრიგებულია, თუმცა რამდენიმე დეტალია დარჩენილი.

“პრეზიდენტის დღევანდელი დახვედრა ისეთი პომპეზური არ იქნება, როგორც ადრე იყო. არ იქნება წითელი ხალიჩა. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ყველა ტექნიკური პრობლემა მოწესრიგებულია და მათთვის თარჯიმანი სინქრონულად იმუშავებს“, - აცხადებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი მოხსენებით პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ახალი პოლიტიკური კულტურა დაინერგება.

“მოლოდინი გვაქვს, რომ შეიცვლება ის ხაზი, რომელიც რაღაც ერთგვარი ცუდი პრაქტიკის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული - პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა იყო ხოლმე მხოლოდ სანახაობა და დაცლილი გახლდათ ის შინაარსისგან. ჩვენ ვიცით, რომ გიორგი მარგველაშვილს აქვს ძალიან საინტერესო ანალიზი და ხედვა ქვეყნის როგორც საგარეო მიმართულებებთან, პრობლემებთან დაკავშირებით, ისე ქვეყნის შიდა საკითხებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რადგან კონსტიტუციით პრეზიდენტი არის ადამიანის უფლებათა გარანტიაა. ესაა ის, რაზეც მეც ვაპირებ, რომ დღეს ვისაუბრო და მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ამ კუთხით იქნება შესატყვისი მისი გამოსვლის დროს", - განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, დღევანდელი შეხვედრიდან არაფერს ელოდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, პრეზიდენტი ბევრ შეკითხვას პასუხს არ გასცემს.

"დღევანდელი შეხვედრიდან არაფერს ველოდებით, რადგან პრეზიდენტი მის კომპეტენციაში არსებული საკითხების შესახებაც არ ისაუბრებს, თუმცა ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე“, - აღნიშნა გია თევდორაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს, 14:00 საათზე წარდგება. პრეზიდენტს პარლამენტში 45-წუთიანი გამოსვლა ექნება. პრეზიდენტის გამოსვლვის შემდეგ გამოცხადდება შესვენება, რომელიც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განახლდება. უმცირესობა-უმრავლესობას 45 წუთი ექნება გამოსვლისთვის, რომლის შემდეგაც სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით.

ამასთან, პრეზიდენტის მოხსენებას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვერ დაესწრება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

"საპატრიარქოდან დღეს პატრიარქი არ იქნება წარმოდგენილი გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა იქნებიან საპატრიაქროს წარმომადგენლები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები