ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც 26 მაისის საქმის განხილვისას მერაბიშვილმა განაცხადა, იგი მომავალში სასამართლოში აღარ მივა. მისი თქმით, ”ამ სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ ოჯახის წევრები და მეგობრები ენახა.
მერაბიშვილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მატროსოვის ციხეში გრძელვადიანი პაემნების საშუალება არ ექნება. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ყოფილი პრემიერი სასჯელასღრულების დეპარტამენტსა და პროკურატურას მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ, მადლობელი იქნება. მერაბიშვილის თქმით, მისი უფლებები ციხეშიც ირღვევა, თუმცა მათ დასაცავად იბრძოლებს.
”ცხრა თვეა სპექტაკლის მონაწილეები ვართ, სადაც მოსამართლეს, ადვოკატებს, პროკურორებს და მე, როგორც ბრალდებულს, ჩვენ-ჩვენი როლები გვაქვს. ამ დარბაზში როლები მხოლოდ ჩემს მეგობრებს, ნათესავებს და ოჯახის წევრებს არ აქვთ. მათ მტკიცებულებებსა და ჩვენებებზე უჩნდებათ განცდა, რომ რამე შეიცვლება. ეს არის გულუბრყვილო განცდა და თქვენს მიერ გამოტანილი განაჩენი იქნება არა ჩემი განაჩენი, არამედ თქვენი პირადი განაჩენი”, - მიმართა მოსამართლეს ვანო მერაბიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით და თავისი გადაწყვეტილების გამო, ადვოკატებს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, თეთრი ალამი უახლოეს პერიოდში საქალაქო სასამართლოს თავზეც აღიმართება.
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით. მერაბიშვილის შეფასებით, ქუთაისის მოსამართლემ სასამართლოს თავზე დიდი თეთრი ალამი აღმართა.





