პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური დებატები გაიმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტთან დებატებს გამართავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გიორგი მარგველაშვილს სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვებს დაუსვამენ.

ბაქრაძის თქმით, უმცირესობა პრეზიდენტს ჰკითხავს ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

ხვალ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი გასული წლის აქტუალურ თემებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს. მისი თქმით, პრეზიდენტი წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტისთვის არ მოუსმენია. ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობამ ულტიმატუმი წაუყენა. უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს მაშინ მოუსმენდნენ, თუკი უმცირესობა მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა, რომელიც მთავრობის დათხოვნის კუთხით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებდა.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ნაცვლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დაგეგმა, რაც 8 თებერვლის ცნობილი დაპირისპირებით დასრულდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა და სხვა მოქალაქეებმა ბიბლიოთეკასთან აქცია გამართეს და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს ავლაბრის რეზიდენციიდან მიმართა.

კომენტარები