მედია

საია ოზურგეთის გამგებლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გაზეთ გურია ნიუსის ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და მის მიერ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის.

"2013 წლის 15 თებერვალს გურია ნიუსის ვებგვერდზე გავრცელდა გურია ნიუსის ჟურნალისტის, ჟანა მეგრელიშვილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიოჩანაწერი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გამგებელი ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მას.
აღნიშნულ ფაქტს თავად კონსტანტინე შარაშენიძეც არ უარყოფს. 2013 წლის 16 თებერვალს მან მედიაში გავრცელებული განცხადებით ბოდიში მოიხადა მომხდარი ფაქტის გამო.

მიგვაჩნია, რომ კონსტანტინე შარაშენიძის ქმედება შეფასებული უნდა იქნეს როგორც მოხელის და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), რაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს დისციპლინალურ გადაცდომას. კონსტანტინე შარაშენიძის ქმედებას უნდა მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზომა. მართალია, ბოდიშის მოხდა პოზიტიურ ქმედებად უნდა შეფასდეს, მაგრამ ამ ქმედებას, როგორც პასუხისმგებლობის ზომას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტი არ წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის საკითხის განუხილველობის საფუძველს.

მოვუწოდებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ო" ქვეპუნქტით და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი და კონსტანტინე შარაშენიძის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზომა", - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 18 თებერვლის განცხადებაში.

კომენტარები