ვანო მერაბიშვილის საქმე

ბესელია: სასამართლომ გამორიცხა მერაბიშვილის საქმის პოლიტიკური მოტივი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ვანო მერაბიშვილის საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბარი აღარ შეიძლება.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოირიცხა ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის პოლიტიკური მოტივაციით შექმნა. ეს არის კონკრეტული კრიმინალური ქმედება. ჩვენს ოპონენტებს მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის ელფერის შეძენა სურთ, რაც სასამართლომ უარყო. დამოუკიდებლად მოქმედი სასამართლო იღებს გადაწყეტილებას, თორემ ეს რომ ყოფილიყო სხვა დრო, ამ ტიპის ქმედებებზე კარგად მახსოვს, რა მასშტაბის სანქციები იყო გამოყენებული“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. მოსამართლემ ჭიაბერაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივ გულგრილობად. ბრალდება ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. მათ ბრალი ედებოდათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

კომენტარები