პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

პრეზიდენტის მდივანი: მარგველაშვილი აქცენტს უფრო ფასეულობით თემებზე გააკეთებს

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ 21 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილი გასული წლის აქტუალურ თემებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს. მისი თქმით, პრეზიდენტი წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ყველა აქტუალურ თემას, რომელიც არის საქართველოში. იქნება საუბარი 2013 წელზე და ასევე, პრეზიდენტი წარმოადგენს თავის ხედვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად მოიცავს იმ ახალ საკონსტიტუციო მოდელს, რომელიც განისაზღვრა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. იქნება მისი ხედვა ეკონომიკური განვითარების, სოციალური განვითარების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით. ასევე, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და ზოგადად ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარების კუთხითაც დაისმება კონკრეტული აქცენტები", - თქვა მაჭავარიანმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დავით პატარაიას თქმით კი, გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში დაახლოებით 40-წუთიანი გამოსვლა ექნება. მისი განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვა კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. პატარაიას განმარტებით, "აქცენტი ღირებულებით, ფასეულობით თემებსა და პრეზიდენტის ხედვებზე გაკეთდება".

"საუბარი იქნება, როგორ ხედავს პრეზიდენტი პასუხს ქვეყნის წინაშე 2013 წლის განმავლობაში მდგარ გამოწვევებზე და, მეორე მხრივ, მომავალში როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ ამ საკვანძო გამოწვევებს. ეს ყველაფერი იქნება უფრო მეტად ღირებულებით, ფასეულობით ასპექტებში მოცემული. გამოწვევების თემა ძალიან ფართოა, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებით, გაგრძელებული ჩვენი სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკური თემატიკით და დამთავრებული ეკონომიკური საკითხებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, გაანალიზებული იქნება და პრეზიდენტი ამ თემაზე ხედვას წარმოაჩენს", - განაცხადა პატარაიამ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოხსენების პროცედურები განხილვის სტადიაშია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი თებერვლის დასაწყისში, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. რეგლამენტის მიხედვით,"პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე". წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტისთვის არ მოუსმენია. ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობამ ულტიმატუმი წაუყენა. უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს მაშინ მოუსმენდნენ, თუკი უმცირესობა მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა, რომელიც მთავრობის დათხოვნის კუთხით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებდა.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ნაცვლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დაგეგმა, რაც 8 თებერვლის ცნობილი დაპირისპირებით დასრულდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა და სხვა მოქალაქეებმა ბიბლიოთეკასთან აქცია გამართეს და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს ავლაბრის რეზიდენციიდან მიმართა.

კომენტარები