ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის საქმის პროკურორი: ეს იყო კვალიფიციურად გამოძიებული საქმე

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმის პროკურორის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდა, რადგან, მისი თქმით, წარდგენილი ჰქონდათ ძალიან ბევრი და ძალიან მყარი მტკიცებულება.

"ეს იყო კვალიფიციურად გამოძიებული საქმე. სასამართლოში პროცესი მიმდინარეობდა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და სასამართლომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება", - აცხადებს პროკურორი.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილს რამდენიმე მუხლი არასწორად წარდგინების გამო მოეხსნა.

"ჩავიბარებთ, ვნახავთ, რა დასაბუთება აქვს სასამართლოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას - გავასაჩივრებთ თუ არა. ფაქტია, რომ სასამართლომ ორივე ეპიზოდზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ეპიზოდზეც და აგარაკზე შეჭრის ეპიზოდზეც, დამნაშავედ ცნო ივანე მერაბიშვილი. რაც შეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, სასამართლოს ის არ გაუმართლებია და საქმეს მხოლოდ კვალიფიკაცია შეუცვალა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მას არ ჩაუდენია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა. განაჩენის ჩაბარების შემდეგ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ მოტივაციის მიხედვით", - აღნიშნა პროკურორმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. მოსამართლამ ჭიაბერაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივ გულგრილობად. ბრალდება ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ამასთან, სასამართლომ ივანე მერაბიშვილს მოუხსნა სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებები.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. მათ ბრალი ედებოდათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

კომენტარები