საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებით, უმჯობესი იქნება, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა პირველ შესაძლო შეხვედრაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.
“ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ საუბრის თემა უნდა იყოს ტერიტორიის დეოკუპაცია და სხვა არაფერი. ამის დროც მოვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში შემოტანილი ახალი ელემენტები - ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობები, ასევე, პირველ რიგში, უსაფრთხოება - სტაბილიზაცია სჭირდება ჩვენს ქვეყანას მრავალი ასპექტით”, - განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ჯერჯერობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის წინაპირობას ვერ ხედავს.
“წინაპირობა, რომ შედგეს შეხვედრა, ჯერჯერობით, არ არსებობს. მზადყოფნის გამოხატვა დიპლომატიური ჟესტია, რომელიც სწორად გაკეთდა ჩვენი მხრიდან”, - აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს. ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინი საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის "ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს". მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.





