ზურაბ ჟვანიას საქმე

სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა: ჟვანიას გვამზე დაზიანება არ ყოფილა

electionsmeter.com

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელმაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარა, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს, რომ გარდაცვლილ პრემიერმინისტრს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

"კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ აღინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვს ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს", - განუცხადა კვირის პალიტრას ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ.

მისივე თქმით, სიკვდილის მიზეზი ნახშირჟანგი (CO) იყო, რადგან სისხლში ის დიდი დოზით აღმოჩნდა, იგივე დაადასტურა FBI-ის დასკვნამაც.

თუმცა, ექსპერტი ინტერვიუში იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ნახშირჟანგით მოწამვლა ხელოვნურად იქნეს გამოწვეული, ეს კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"CO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. სწორედ იმ დღეებში, როცა ეს ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე სამხედრო ექსპერტმა განაცხადა, რომ არსებობს სითხე, ხუთვალენტიან რკინასთან შეკავშირებული ნახშირჟანგი, რომლის 2 მლ საკმარისია, რომ ზუსტად იგივე შედეგი დადგეს, რაც ჟვანიას შემთხვევაში. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არ ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული, იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა", - ამბობს ექსპერტი ლევან ჩაჩუა.

ექსპერტის თქმით, მის ამ ნათქვამს ექსპერტიზის დროს გადაღებული ვიდეოფირებიც დაადასტურებს.

2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება თითქმის დასრულებული იყო, თუმცა, გამოძიების შედეგები ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.

 

კომენტარები