თვითმმართველობის კოდექსი

პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მესამე მოსმენით 77 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ახალი კოდექსის მიხედვით, საქართველოში 12 თვითმმართველ ქალაქში მოსახლეობა მერს პირდაპირი წესით აირჩევს. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის მსგავსად, მიენიჭათ თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთს და ზუგდიდს იმ კრიტერიუმის საფუძველზე, რომ ეს ქალაქები რეგიონულ ცენტრებს წარმოადგენენ. 

გამგებლები აირჩევიან დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, რომელთა საბოლოო რაოდენობაც ადგილობრივ არჩევნებამდე უნდა განისაზღვროს. 

ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტს ეყოლება არჩეული საკრებულო, რომელსაც მიენიჭება უფლება, რომ ხმათა 2/3-ით უნდობლობა გამოუცხადოს არჩეულ მერს ან გამგებელს. რეგიონულ დონეზე გუბერნატორებს კვლავ მთავრობა დანიშნავს, თუმცა ახალი კოდექსის თანახმად, მათთან იფუნქციონირებს საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოებში გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი თვითმმართველი ერთეულების პირდაპირი წესით არჩეული მერები/გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები შევლენ.

კომენტარები