თვითმმართველობის კოდექსი

ნარმანია: ვეჭვობ, ზოგს არ გაუაზრებია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა

mrdi.gov.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, თვითმმართველობის კოდექსი მაქსიმალურად დახვეწილი დოკუმენტია. მან ასევე აღნიშნა, რომ კოდექსთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსიები და დებატები ვერ გაიმართება, რადგან დისკუსია საპარლამენტო ფორმატშია გადატანილი.

"რისი გათვალისწინებაც იყო შესაძლებელი, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და ის არის მაქსიმალურად დახვეწილი დოკუმენტი. ჩვენ ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით მათ შორის. ახლა არის ის ფაზა, რომელშიც მუხლობრივად უნდა იყოს კოდექსი წაკითხული პარლამენტის სესიაზე და დეპუტატების მოსაზრებები იქვე, შესაძლოა, იქნეს განხილული. საჯარო დისკუსიები და დებატები მეტი ვერ იქნება, იმიტომ, რომ დისკუსია პარლამენტის ფორმატში არის გადატანილი. გარკვეული მოსაზრებები, რომლებსაც ჩვენი ოპონენტები გამოხატავენ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების და ქულების მოპოვებას ემსახურება და სხვა არაფერი. ვეჭვობ, რომ ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, ბოლომდე არ ჰქონდეს გააზრებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას", - თქვა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, 2014 წელს საქართველოს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით კენჭს უყრის თვითმმართველობის კოდექსს. რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. მერებს და გამგებლებს მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს და გაიზრდება მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

კომენტარები