ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაია: ხელისუფლებამ საზოგადოებას სანახაობა მიართვა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

სააპელაციო სასამართლოში შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის საჩივრის განხილვა დღეს დასრულდა. ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 14 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ახალაიას განცხადებით, მის წინააღმდეგ წარდგენილია შვიდი ბრალდება, საიდანაც უმრავლესობაში გამართლდა. თუმცა, ყოფილი მინისტრის თქმით, ხელისუფლების მიზანი მისი ციხეში ყოფნა და ამით საზოგადოებისთვის სანახაობის შექმნაა. 

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ არსებული ვითარება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა ცალკეული ადამიანების წინააღმდეგ. პროკურატურა ჯიუტად აგრძელებს საკანში ადამიანების გამოკეტვას. დღეს საქართველოში გამოძიება პოლიტიკური დევნის ორგანოდ იქცა, რომლის მთავარი ამოცანაა, ცალკეული ადამიანების წინააღმდეგ ბრალდებების შეკერვა. რომელმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს ის, რაც არ არსებობს, თუნდაც ციხის ბუნტის საქმეზე, პროკურორი რევაზ ნადოი პერიოდულად დადის და "აკაჩავებს" ადამიანებს ცრუ ჩვენებების მისაღებად", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და აღნიშნა, რომ "ეს ბურუსი გაივლის და ბევრი რამ გაირკვევა". 

ბრალდებულის თქმით, "გაუგონარი ზეწოლა ხდება ადამიანებზე", განსაკუთრებით ზუგდიდში, რაც, მისი აზრით, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. 

"ხელისუფლებამ დაპირებები ვერ შეასრულა და საზოგადოებას მიართვა სანახაობა. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს, მათ შორის, ჩემი და ბატონი ვანო მერაბიშვილის საქმეები, ეს საქმეები იფშვნება. თავიანთ მარცხის გადასაფარად კი, სანახაობებს დგამენ. გიგი უგულავამაც აღნიშნა და მეც ვადასტურებ, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა. ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლის მოხდენა რთულია, ზოგზე შეუძლებელი, მოსამართლეთა ნაწილი კი, ცდილობს გახდეს პროკურატურის ნაწილი. პროკურატურა არ ცდილობს საქმეების რეალურად გამოძიებას. პროკურატურას აინტერესებს ჩემი ციხეში ყოფნა. ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი გაივლის და მათ შერჩებათ, ცდილობენ საზოგადოების დაბნევას, შოკირებას სისულეების აგორებით. წელიწადზე მეტია, წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები და ვუვლი იმ დაწესებულებას, სადაც ვარ. გავა რაღაც პერიოდი და კონკრეტული პირები, ვინც ახლა ახორციელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას, კანონის სრული დაცვით, თავად აღმოჩნდებიან ამ დაწესებულებაში", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.

ადვოკატების განცხადებით, არ არსებობს საჩივარში მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის საჩივარი იმ ნაწილში, სადაც ახალაია საქალაქო სასამართლომ გაამართლა. საქმის პროკურორის რევაზ ნადოის თქმით კი, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საჩივრის დაკმაყოფილებას ელოდება. 

ციხის ბუნტის საქმეზე, ბაჩო ახალაია საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ერთ ნაწილში გაამართლა. კერძოდ, მოსამართლემ შს ყოფილი მინისტრი უდანაშაულოდ ცნო ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პლატონ მამარდაშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანაში, დანარჩენ ნაწილებში კი, დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალაია 3 ნოემბერს შეიწყალა. პროკურატურამ კი საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ახალაია მამარდაშვილის ეპიზოდში გამართლდა, მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები