პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 17 თებერვლის სასესიო კვირაში წარდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტს 17 თებერვლის სასესიო კვირის განმავლობაში წარუდგენს.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის თაობაზე შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშველი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

ამ საკითხზე, შეჯერდა პრეზიდენტისა და პარლამენტის სამუშაო გრაფიკები. ასევე, შედგა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან და უმცირესობასთან.

ცნობისთვის, 31 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი გამოსვლის ფორმატი შეიცვლება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ფორმატის შეცვლა აღმასრულებელი პრეზიდენტის პოსტის სახელმწიფოს მეთაურით შეცვლას უკავშირდება.

"ეს იქნება თვისობრივად ახალი ფორმატის მოხსენება. ქვეყანას ახლა ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არა აღმასრულებელი, არამედ სახელმწიფოს მეთაურია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ფორმატი იქნება სხვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მას ფორმატის დეტალები არ დაუზუსტებია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი თებერვლის დასაწყისში, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. რეგლამენტის მიხედვით, "პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე". წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს, სამშაბათს გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტისთვის არ მოუსმენია. ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობამ ულტიმატუმი წაუყენა. უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს მაშინ მოუსმენდნენ, თუკი უმცირესობა მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა, რომელიც მთავრობის დათხოვნის კუთხით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებდა.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ნაცვლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დაგეგმა, რაც 8 თებერვლის ცნობილი დაპირისპირებით დასრულდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა და სხვა მოქალაქეებმა ბიბლიოთეკასთან აქცია გამართეს და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს ავლაბრის რეზიდენციიდან მიმართა.

კომენტარები