პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

პრეზიდენტი: პარლამენტში ჩემი გამოსვლის ფორმატი შეიცვლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტში მისი გამოსვლის ფორმატი შეიცვლება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, ფორმატის შეცვლა აღმასრულებელი პრეზიდენტის პოსტის სახელმწიფოს მეთაურით შეცვლას უკავშირდება.

"ეს იქნება თვისობრივად ახალი ფორმატის მოხსენება. ქვეყანას ახლა ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არა აღმასრულებელი, არამედ სახელმწიფოს მეთაურია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ფორმატი იქნება სხვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მას ფორმატის დეტალები არ დაუზუსტებია.

პრეზიდენტის თქმით, მისი მოხსენებით გამოსვლის თარიღზე საკანონდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მსჯელობენ.

"ვერ დაგიდასტურებთ, რომ პარლამენტის წინაშე წარვსდგები მომავალ კვირაში. ეს იქნება უახლოეს მომავალში. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დეტალებს დავით უსუფაშვილთან ერთად დავალაგებთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ მოხსენებისას, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი თებერვლის დასაწყისში, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. რეგლამენტის მიხედვით, "პარლამენტი როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე". წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს, სამშაბათს გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტისთვის არ მოუსმენია. ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობამ ულტიმატუმი წაუყენა. უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს მაშინ მოუსმენდნენ, თუკი უმცირესობა მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა, რომელიც მთავრობის დათხოვნის კუთხით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებდა.

ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ნაცვლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დაგეგმა, რაც 8 თებერვლის ცნობილი დაპირისპირებით დასრულდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა და სხვა მოქალაქეებმა ბიბლიოთეკასთან აქცია გამართეს და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს ავლაბრის რეზიდენციიდან მიმართა.

კომენტარები