ID ბარათები

ACT: გამოკითხული თბილისელების 19% მიიჩნევს, რომ ID ბარათი საფრთხეს შეიცავს

კვლევითმა ორგანიზაციამ ACT თბილისის მცხოვრებთა ნაწილს დაუსვა კითხვა, მათი მოსაზრებით, შეიცავს თუ არა ახალი ID ბარათი რაიმე საფრთხეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 52% არის დარწმუნებული იმაში, რომ ახალი ID ბარათი სრულიად უსაფრთხოა. ხუთიდან ერთი თბილისელი (19%) მიიჩნევს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა საფრთხეს შეიცავს, თითქმის მესამედს (29%) კი უჭირს პასუხის გაცემა ამ კითხვაზე.

ACT-ის ცნობით, ID ბარათების მფლობელებს შორის 16% მაინც მიიჩნევს, რომ ეს ელექტრონული მოწმობა საფრთხის შემცველია, 20% კი არ არის დარწმუნებული, უსაფრთხო პირადობის ბარათს ფლობს თუ არა.

როგორც კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, თბილისელებმა საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულება გამოავლინეს იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომელთაც აღქმული რელიგიური საფრთხის გამო სურთ ჰქონდეთ არჩევანი ძველ და ახალ პირადობის დამადასტურებელ საბუთებს შორის. გამოკითხულ თბილისელთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევანის ქონის საშუალება უნდა არსებობდეს (86%). გამოკითხულთა მხოლოდ 7% ეწინააღმდეგება რადიკალურად არჩევანის არსებობას და თვლის, რომ ახალი ID ბარათის აღება უნდა იყოს უალტერნატივო, ანუ სავალდებულო.

გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,7%-ს.

კომენტარები