საყდრისი

RMG Gold: საყდრისის ძეგლი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მივიღეთ

news.ge

საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი, საყდრისის ძეგლი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მივიღეთ. ამის შესახებ კომპანია RMG Gold-ის დირექტორმა სოსო ცაბაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არის დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც თავის პირად შეურაცხყოფად იღებს სხვა მეცნიერების განსხვავებულ მოსაზრებებს და "ჯიუტად აწვება ერთ ვერსიას". მისივე თქმით, კომპანიამ ერთ მხრივ აიღო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, როგორც ლიცენზიანტმა, რომელმაც უნდა განავითაროს საყდრისის ტერიტორიაზე არსებული რესურსები და მეორე მხრივ, იმ სამი ათასამდე თანამშრომლის მიმართ, რომლებიც დღეს კომპანიაში არიან დასაქმებულები.

ინვესტორის თქმით, კულტურის სამინისტროს პოზიციის გამო, კომპანია განიცდის სერიოზულ ზარალს. "ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სრული დატვირთვით უნდა ემუშავათ საყდრისზე მიუხედავად იმისა, რომ საყდრისის საბადო დღეს ვერ იძლევა ვერავითარ შემოსავალს", - განაცხადა ცაბაძემ.

როგორც RMG-ის დირექტორი აღნიშნავს, საყდრისის ავთენტურობის შენარჩუნება შეუძლებელია მისი ძირეულად დარღვევის გარეშე და ეს ობიექტი დაინგრევა, ნებისმიერ შემთხვევაში: "მაშინ როცა არქეოლოგებმა ბუნებრივი საფარი მოაშორეს ქანებს, იქ წავიდა ბუნებრივი ეროზია. ეს ეროზია გრძელდება და იქ ნგრევა მიმდინარეობს პრაქტიკულად"- აღნიშნა ცაბაძემ. მისივე თქმით, მთლიანად კომპანიის განვითარებისთვის საყდრისი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო საყდრისის საბადოს რენტაბელურობისთვის ყაჩაღიანის უბანი არის კრიტიკული მნიშვნელობის: "ამ უბნის გარეშე საყდრისის საბადოს დამუშავებას აზრი არ აქვს".

სოსო ცაბაძის ინფორმაციით, კომპანიამ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდა. მისი თქმით, საბადო თუ გააგრძელებს მუშაობას, შეინარჩუნებს დასაქმებულ ადამიანებს, გააფართოებს პროექტებს, დაასაქმებს მეტ ადამიანს და გაზრდის ბიუჯეტში შენატანებს. მისივე თქმით, ბოლნისის ბიუჯეტი დღეს 95%-ით არის დამოკიდებული კომპანიის შენატანებზე. "ეს არის განვითარების სერიოზული პროექტი, გათვლილი დაახლოებით 15-20 წლის პერსპექტივაზე. ამის სერიოზული რესურსი საქართველოში არსებობს", - აღნიშნა ცაბაძემ.

კომენტარები