ვანო მერაბიშვილის საქმე

26 მაისის საქმეზე ოთხი მოწმე დაკითხეს

Reuters

26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა - სახალხო კრების ყოფილი წარმომადგენლები - სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე, ასევე ზაზა პაპუაშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე.

მოწმეებმა სასამართლოს შეკითხვებს უპასუხეს და 2011 წლის 26 მაისის აქციაზე ძალის გადამეტების ფაქტებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ბექა ჯავახაძის თქმით, ის აქციაზე დააკავეს და ზუსტად ისე უსწორდებოდნენ ფიზიკურად, როგორც აქციის დანარჩენ მონაწილეებს. სოსო ჯაჭვლიანმა კი, დარბევის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციის სამმართველოს შენობაში ნახა დაკავებული ლუკა კურტანიძე, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჯაჭვლიანის განცხადებით, ლუკა კურტანიძე წელს ზემოთ ჰყავდათ გაშიშვლებული და მასთან სურათებს იღებდნენ დამცირების მიზნით.

დღევანდელ პროცესზე თავად ლუკა კურტანიძეც დაკითხეს, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარი თავის მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე არ ისაუბრებდა. კურტანიძის განცხადებით, მას სამართალდამცველებთან პრეტენზია არ აქვს. მისი თქმით, უნდა დაისაჯონ მომიტინგეებზე ანგარიშსწორების ბრძანების გამცემები. ლუკა კურტანიძემაც და სოსო ჯაჭვლიანმაც განაცხადეს, რომ მათ არავის დაკავება არ უხარიათ და მათი მიზანია, ყველა დანაშაული გამოიკვეთოს, "რათა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს მსგავსი ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ".

საქმის პროკურორის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ბრალდების მხარის მოწმეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 26 მაისის აქციაზე მომიტინგეებს გასასვლელი არ დაუტოვეს. პროკურორის შეფასებით, მოწმეებმა ვანო მერაბიშვილის დანაშაულზე მიუთითეს.

ბრალდების მხარის ამ განცხადებას, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით,  მოწმეებმა მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გრძელდებოდა რუსთაველის გამზირის პიკეტირება, რაც აღლუმის ჩაშლას ისახავდა მიზნად. ადვოკატის თქმით, მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მომიტინგეებს ჰქონდათ უკანონო საშუალებები.

"მათ ისაუბრეს რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტებაზე, რასაც კავშირი არ აქვს მიტინგის დაშლის ბრძანებასთან. არც ერთ მოწმეს არ დაუსახელებია, რომ აღნიშნული უკანონობის ბრძანება ვანო მერაბიშვილმა გასცა“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ვადა 28 თებერვალს იწურება. შემდეგი პროცესი კი, რომელიც 3 თებერვალს არის ჩანიშნული, კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

კომენტარები