გია ნოდია: ოცნებამ "წითელი ხაზი" გადალახა

ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობის გადაწყვეტილებას პრინციპში უნდა მივესალმოთ. ზოგადად მეც მგონია, რომ ჯობია, ყველა მრევლმა თვითონ დააფინანსოს თავისი ეკლესია. ასევე, მეტად სუბიექტურია იმ ოთხი ეკლესიის შერჩევა, რომელიც დასაფინანსებელთა სიაში მოყვა: რატომ არა, ვთქვათ ბაპტისტები? ეს შერჩევა სერიოზული თავის ტკივილი იქნება ხელისუფლებისთვის. გაცილებით ჯობია, ყველა გადასახადის გადამხდელმა თავად განაცხადოს, რომელ ეკლესიაში (ან არც ერთში) უნდა, რომ მისი გადასახადის რაღაც პროცენტი გადაირიცხოს - იმედი მაქვს, საბოლოოდ აქამდეც მივალთ. მაგრამ დღევანდელ კონკრეტულ ვითარებაში - ანუ მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსება პრაქტიკულად შეუქცევად ტენდენციად დამკვიდრდა (შეუქცევადად პოლიტიკური დინამიკის გამო: აბა მიდი და შეუწყვიტე!), ეს გადაწყვეტილება სერიოზული პროგრესია. ის ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ მართლმადიდებლობა დე ფაქტო სახელმწიფო რელიგიაა, ანუ ქართული სახელმწიფო უფრო მეტად ეკუთვნის მართლმადიდებლებს, ვიდრე სხვა კონფესიების წარმომადგენლებს. მართლმადიდებლობის ეს ექსკლუზიურობა სახელმწიფოსთან მიმართებაში იყო ის სიმბოლური "წითელი ხაზი", რომელიც გადასალახი იყო. "ნაციონალებმა" მისი გადალახვა ვერ გაბედეს (სხვა ხაზის, რაც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციას შეეხებოდა, გაბედეს, ამისი კი ვერა) - "ოცნებამ" კი გაბედა და გადალახა (იმედია, არ გადაიფიქრებს). მაგრამ იმ აშკარა ფაქტის უარყოფა, რომ ბოლო ხანებში გახშირდა რელიგიური კონფლიქტები, და იქვე ამ გახშირების "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადაბრალება (თუ არა გვაქვს რელიგიური კონფლიქტები, რაღას აბრალებ "ნცაიონალურ მოძრაობას", ან რის საფუძელზე აბრალებ?) ძაააან ინფანტილიზმია. თან, ამ სფეროში გაზრდის ტენდენცია არ ეტყობათ, არც ახალგაზრდა ქოცებს და არც დიდებს. მაგრამ რა ვუყოთ, ყველაფერს ხომ ვერ მოვთხოვთ?

მთავრობის დადგენილებას "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" დამტკიცების თაობაზე გია ნოდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

კომენტარები