ACT-ის კვლევა

ACT: თბილისელთა 66%-სთვის შვილის ცალკე ცხოვრება მისაღებია, 34%-სთვის მიუღებელი

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა ACT-მ გამოქვეყნა კვლევა თემაზე - მისაღებია თუ არა ზრდასრული შვილის ოჯახის გარეთ ცხოვრება?

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ თბილისელთა 66%-სთვის შვილის ცალკე ცხოვრება 18 წლის შემდეგ მისაღებია, ხოლო 34%-სთვის მიუღებელი.

ACT-ის ცნობით, მონაცემების სქესის მიხედვით გაანალიზებისას, განსხვავებული დამოკიდებულება გამოჩნდა. ბიჭის დამოუკიდებლად ცხოვრებას დასაშვებად 64% მიიჩნევს, ხოლო გოგოს - 37%.

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტის ასაკის ზრდასთან ერთად, ის უფრო კრიტიკულად უყურებს შვილის ცალკე საცხოვრებლად გაშვების საკითხს. "მაგ. ახალგაზრდა (18-24 წლის) თბილისელების უმრავლესობა (56%) მიიჩნევს მისაღებად სრულწლოვანი გოგონას ცალკე ცხოვრებას, მაშინ, როდესაც შედარებით ასაკოვანი (45-54 წლის) თბილისელების მხოლოდ მეოთხედი (26%) ფიქრობს ასე. შესაბამისად, ბიჭების გაშვების მომხრეა ხუთიდან ოთხი (77%) ახალგაზრდა, მაშინ, როდესაც მხოლოდ ხუთიდან ორი (39%) ასაკოვანი თბილისელი ფიქრობს იგივეს".

გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის 2014 წლის იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.7%-ს.

კომენტარები