უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

მოსამართლის გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის საქმე ცალკე წარმოებად არ გამოიყოფა

AFP.com

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 30 იანვარს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა კეზერაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფასთან დაკავშირებით.

პროკურორ გიგა ძნელაძის განმარტებით, კეზერაშვილის საქმის წარმოების გამოყოფა მხოლოდ იმ მოტივით მოითხოვა, რომ არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ჯობდა, საექსტრადაციო პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმე კეზერაშვილის მონაწილეობით გაგრძელებულიყო.

ბრალდების მხარის დღევანდელი შუამდგომლობა მიუღებლად და დაუსაბუთებლად შეაფასა დაცვის მხარემ. ადვოკატების თქმით, წინა პროცესებებზე უკვე გადაწყდა, რომ საქმე ცალკე წარმოებად არ გამოიყოფოდა. მათი შეფასებით, დღეს პროკურორის ხელმეორე შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

თბილისის უფლებამოსილებაშეწყვეტილი მერის გიგი უგულავას თქმით, აღნიშნული შუამდგომლობები პროცესის გაწელვას ემსახურება. მისი შეფასებით, პროკურატურას სურს სასამართლო პროცესი არჩევნებამდე გაწელოს.

"ახლა ცალკე უნდათ საქმე გაყინონ, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კეზერაშვილის მიმართ ხორციელდება კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა, თითხნიან საქმეს და, სავარაუდოდ, ახალი პროკურორის დანიშვნას ელოდებოდა მთავრობა. ეს კანონის ენაზე არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს უკავშირდება ეს შუამდგომლობა. თავად პროცესი ნელი ტემპით მიდის, რაც არის პროკურატურის ბრალი. მოწმეები მოჰყავთ ცოტა, რომ სასამართლო უგზოუკვლოდ გაიწელოს", - ამბობს უგულავა.

ამასთან, საფრანგეთის სასამართლო დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვას იწყებს. შესაბამისი პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

"ვფიქრობ, რომ დღევანდელ პროცესზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან საქმე ჯერ ამ ეტაპზე არ არის. თუმცა, ესაა ჩემი აზრი და ზოგადად ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ინტერპრესნიუსთან საუბარში კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დავით კეზერაშვილს პროკურატურა ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. იმედის და რიყის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერთან გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

30 იანვარს ჩანიშნულ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

კომენტარები