ვითარება უკრაინაში

უსუფაშვილი: მოვუწოდებ უკრაინის მთავრობას, საკითხები ხალხის სასიკეთოდ გადაწყდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, საკითხები ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვიტონ და არა - რომელიმე ქვეყნის რჩევით ან კარნახით.

უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში, სამწუხაროდ, მოხდა დაპირისპირების, ძალადობის ესკალაცია, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის უკრაინელი და ქართველი ხალხების ინტერესებში.

"ჩვენი პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოხატული, არის სრულიად ცალსახა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვაზე კონსტიტუციის ფარგლებში პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ყველა ხელისუფლება არჩეულია იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მსგავსი გართულებები და სათანადო დარბაზებში, ოთახებში გადაწყდეს პოლიტიკური საკითხები. ვითარება კი არ მივიდეს იქამდე, რომ ხალხი თვეების განმავლობაში ყინვაში, ქუჩაში საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვდეს.

"მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს კოლეგებს, პოლიტიკოსებს უკრაინაში, ხელისუფლებას, ოპოზიციას, რომ როგორმე მოახერხონ საკითხების მშვიდობიანი გზით, საკითხების ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვეტა და არა რომელიმე სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს კარნახით ან რჩევით. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოგვარდეს ყველა საკითხი ყველა ქვეყანაში", - თქვა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა უკრაინაში მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებების დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში შეტაკებებისას 5 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები