შეტაკებები კიევში

უკრაინაში დემონსტრანტებსა და ბერკუტის თანამშრომლებს შორის დაძაბული ვითარებაა

www.nytimes.com

უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე დღეა დემონსტრანტებსა და ბერკუტის თანამშრომლებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის სამთავრობო კვარტალში, გრუშევსკის ქუჩაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, ისინი გასათბობად საბურავებს ცეცხლს უკიდებენ, რის გამოც მთელი ქუჩა კვამლშია გახვეული. კიევის ცენტრში ადგილი პატარ-პატარა შეტაკებებს აქვს. 

გუშინდელი დღე ორთვიანი ანტისამთავრობო გამოსვლების განმავლობაში ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს არაოფიციალური ინფორმაციით 5 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, რაც უკრაინის გენპროკურატურამ უკვე დაადასტურა.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი ევრომაიდანის ლიდერებს შეხვდა, თუმცა როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ვიტალი კლიჩკომ, არსენი იაცენიუკმა და ოლეგ ტიაჰნიბოკმა მაიდანზე შეკრებილებს განუცხადეს, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. არსენი იაცენიუკმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტს 24-საათიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერების მხრიდან მკაცრი გამოხმაურებები მოჰყვა. ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტ იაცეკ პროტაცევიჩის თქმით, იმ შემთხევაში თუ დადგინდა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კარდინალურად შეიცვლება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის უკრაინული სამსახური ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკვე შეიზღუდა ვიზების გაცემა იმ პირებზე, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული და ვაშინგტონი ძალადობის საპასუხოდ დამატებითი ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს.

განცხადებები გაავრცელეს გუშინ ასევე ევროკავშირის უმაღლესმა კომისრებმა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს თქმით, ევროკავშირი დააკვირდება უკრაინასთან ურთიერთობებს და შესაძლო ქმედებებს განიხილავს.

 

კომენტარები