დავოსი

პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა. პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

რიგით 44-ე ფორუმი 22-დან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის ლიდერს, ასევე საერთაშორისო მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

პრემიერმინისტრი ფორუმის ფარგლებში ორ სესიაზე გამოვა სიტყვით. ის ენერგოსექტორის უპირატესობებსა და საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე ისაუბრებს.

"ეს არის როგორც პოლიტიკური შეხვედრების, ისე ბიზნესშეხვედრების არენა. ძალიან ეფექტურად შეიძლება, რომ ერთად ნახო ყველა ის დაინტერესებული კომპანია, რომელიც საქართველოში შეიძლება ახდენდეს ინვესტირებას", - ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის გიორგი პერტაიას თქმით კი, ბიზნესშეხვედრებზე იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც მომავალ ინვესტიციებს ეხება.

"დავოსში ძალიან დიდი რაოდენობის უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები იყრიან თავს. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემო. რაც მთავარია, პრემიერს ერთი ერთზე ექნება საშუალება, რომ დაელაპარაკოს ამ ინვესტიციების მფლობელებს", - თქვა პერტაიამ.

კომენტარები