დავოსი

ბიძინა ივანიშვილი: მოვიდა სამართლიანი და ევროპული ტიპის ხელისუფლება

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დავოსში ვიზიტი დაასრულა. ივანიშვილმა ბოლო შეხვედრა შვეიცარიის პრეზიდენტთან გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობაზე და შვეიცარიის, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლზე ისაუბრეს. 

"განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ და მადლობას ვუხდი შვეიცარიას, რომ მისი საკონსულო გვიწევს მომსახურებას მას შემდეგ, რაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. რაც შეეხება შეხვედრას, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა დავოსში თავისი ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ''დრო მაქსიამლურად გამოიყენა''. 

"ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ბევრი შეხვედრა მქონდა. მაქსიმალურად გამოვიყენე დრო. მოვახერხე პოლიტიკურიც და ეკონიმიკური ბიზნესშეხვედრებიც. გპირდებით, რომ მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე იქნება ძალიან კარგი, მეოთხეზე კი ჭეშმარიტად უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია. დღეს ამას ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ძალიან კარგი საფუძველი ჩავუყარეთ იმას, რომ ინვესტიციები რეალურად შემოვიდეს და პოლიტიკოსებმაც გაიგონ, როგორი ხელისუფლება მოვიდა. მოვიდა სამართლიანი და ევროპული ტიპის ხელისუფლება. აი, ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ და ამას ვაჩვენებთ საქართველოსაც და მსოფლიოსაც", - აღნიშნა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავოსში 23 იანვარს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე - "ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის". პრემიერმა დავოსში რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა.

 

კომენტარები