რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ლავროვი: საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ ახალ რეალიებს არ აღიარებს

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებით, მთავარი პრობლემა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების თვალსაზრისით ის არის, რომ საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ ახალ რეალიებს არ აღიარებს.

"ჩვენ ადამიანებს შორის კონტაქტების გამარტივებას ვუჭერთ მხარს. მაგრამ ყველაფრის მიზეზი არის არა ფორმალობა, არა ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, არამედ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ რეალიები, რაც სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ შეიქმნა. ძალიან ხშირად პრაქტიკულ საკითხებში ვაწყდებით ამ პრობლემას, რომ საქართველო რეგიონში შექმნილ რეალიებს არ აღიარებს. ეს შემდგომშიც დაამუხრუჭებს და ხელს შეუშლის ჩვენს ურთიერთობებს", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის ტერიტორული მთლიანობა ის საკითხია, სადაც საქართველო არასდროს დათმობს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქვეყანა არასოდეს შეეგუება ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას და მისი ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად მუშაობს და მოქმედებს იმისათვის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს და დაუბრუნდეს ძველ პარამეტრებს.

"შეიცვლება თუ არა რეალობა, ეს არის დამოკიდებული არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, არამედ საერთაშორისო ნორმებზე და საერთაშორისო თანამეგობრობაზე. მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი წითელი ხაზები. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვახდენთ მხოლოდ და მხოლოდ ამ წითელი ხაზების შენარჩუნებით და იმ ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამის საზიანოდ არ მოხდება არავისთან ურთიერთობების ნორმალიზება, მათ შორის, რუსებთან", - თქვა ფანჯიკიძემ.

კომენტარები