ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ჩვენს ინტერესებშიც არის

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ძალიან კონტრუქციული ნაბიჯები გადადგა. ღარიბაშვილის თქმითვე, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო. 

"ეს ჩვენს ინტერესებშიც არის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, კერძოდ, დაინიშნა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. გაუმჯობესდა მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, მაგალითად, დაიწყო სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ამის გარდა, რუსეთი აპირებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეს ყველაფერი პოზიტიურად მოქმედებს ურთიერთობის აღდგენის პროცესზე და ხელს უწყობს ნდობის აღდენას. ჩვენი მხრიდან არცერთხელ არ ყოფილა რაიმე სახის პროვოკაციული ნაბიჯი. ჩვენ მხოლოდ კონსტრუქციული გზით ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას. ჩვენი კურსი, რომ ვიყოთ პრაგმატულები და გონივრული პოლიტიკა ვაწარმოოთ ყველასთან, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან, არ გადაიხედება. მაგრამ, ყველაზე მტკივნეულ საკითხში გვაქვს უთანხმოება და ეს არის ჩვენი ტერიტორიები. ამ საკითხების გადაჭრის გარეშე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია უფრო ღრმა ურთიერთობები რუსეთთან", - აღნიშნა პრემიერმა დღეს, მედიასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით და ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას.

კომენტარები