ვანო მერაბიშვილის საქმე

ენმ: სოზარ სუბარმა დანაშაული ჩაიდინა და მტკიცებულებები გაანადგურა

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ერთი თვე დასჭირდა იმის სათქმელად, რომ "ვიდეოჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ ხდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გატაცება საკნიდან, არ არსებობს". სასჯელაღსრულების სამინისტროს გუშინდელ განმარტებას უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

"მათი ცინიკური მტკიცებით, ნომერ მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განლაგებული კამერების ჩანაწერები იშლება 24 საათის განმავლობაში. სულ ცოტა ხნის წინ, თავად სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერები 10 დღის განმავლობაში ინახება, ქართული ოცნების არაერთი ლიდერი კი, ჯიუტად იმეორებდა, რომ ფირების ამოღებას სჭირდება გარკვეული პროცედურები, რის გამოც ეს ვერ მოხდებოდა სწრაფად. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში ყოყმანობდნენ, მომხდარიყო მტკიცებულებათა ფაბრიკაცია თუ პირდაპირ გაცხადებულიყო, რომ შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს. გუშინდელი ცხადყოფს, რომ მთავრობამ აირჩია უფრო მარტივი გზა. აბსოლუტურად გაუგებარია, თუკი ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა, რატომ ვერ გახდა ეს ცნობილი პირველივე დღეს", - აცხადებს გაბაშვილი და აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი ჩანაწერები ინახებოდა ერთი თვე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - ნახევარი წელი.

"ამას ადასტურებს ბაჩო ახალაიას შემთხვევაც, როცა მისი საკნის ჩანაწერი გამოქვეყნდა რამდენიმე თვის შემდეგ. ასევე აბსურდულია სამინისტროს მტკიცება, თითქოს, არსებობს ქუჩის ჩანაწერები, მაგრამ არ არსებობს საკუთრივ ნომერ მე-9 დაწესებულების კამერათა ფირები. უსაფრთხოების კამერების მიერ ჩანაწერების გაკეთების არსი სწორედ იმაშია, რომ ისინი იქნას გამოყენებული, თუკი საჭირო გახდება გამოძიების ჩატარება მათზე აღბეჭდილ ნებისმიერი ფაქტის გამო. ამდენად, გავრცელებულმა განცხადებამ აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პორკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული - მტკიცებულებათა განადგურება. მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას. უდავოა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების დაკვეთასთან, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია მთელი მმართველი კოალიცია. საქმე გვაქვს იმ ტიპისა და მასშტაბის დანაშაულთან, რომლის გამოსაძიებლად აუცილებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა იმ ფონზე, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება დაკავებულია დანაშაულის დაფარვით და არა ობიექტური სინამდვილის დადგენით", - აცხადებს დეპუტატი.

დღევანდელ ბრიფინგზე გაბაშვილი ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების არგუმენტს, რომ ვანო მერაბიშვილმა და მისმა ადვოკატებმა იცოდნენ 24 საათის წესის შესახებ და სპეციალურად მალავდნენ ამ ფაქტს ორი დღის განმავლობაში.

"ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს ვერ ეცოდინებოდათ მომხდარი ფაქტის შესახებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაყვანა მოხდა 14 დეკემბერის ღამეს 1.30 წთ-ზე და ამის შემდეგ მათ არ ჰქონიათ კონტაქტი ივანე მერაბიშვილთან, ვინაიდან შაბათ-კვირას (14-15 დეკემბერი) არ აქვთ ციხეში შესვლის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწიებული პასუხისმგებლობა კრიმინალი ფარცხალაძის მიმართ აუცილებლად დადგება, ისევე როგორც დადგა მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მიუხედავად მმართველი გუნდის სრული შემადგენლობის მცდელობისა, დაეცვათ იგი. თანამდებობა უნდა დატოვოს სოზარ სუბარმა, რომელმაც დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში. ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე ყველა პირმა ასევე უნდა აგოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს და ის მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა.

"სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 გბ მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნ9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი, - წერია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ შემოწმდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ. "ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები