ბაჩო ახალაიას საქმე

მერაბიშვილი: ბაჩო ახალაია ივანიშვილის უკანონო პირადი პატიმარია

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის შეფასებით,  ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში განხილულმა ყველა საქმემ სრული კრახი განიცადა. მერაბიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ახალი ბრალის წაყენებას Facebook-ით ეხმიანება.  

"უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ბაჩო ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობამ და პროკურატურამ მას არაერთი ბრალი წაუყენა, თუმცა ბაჩოს წინააღმდეგ სასამართლოში განხილულმა ყველა საქმემ სრული კრახი განიცადა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ყველა შესაძლო კანონიერი თუ უკანონო მეთოდით განაგრძობს მისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების მცდელობას. თითოეული წარუმატებელი საქმის შემდეგ პროკურატურა ახალ ბრალდებას აცხობს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, აშკარა არის, რომ ბაჩო ახალაია უკვე ერთ წელზე მეტია, რაც წარმოადგენს ივანიშვილის უკანონო პირად პატიმარს. ახალაიას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების პატიმრობა წარმოადგენს ივანიშვილის მცდელობას გადაფაროს საკუთარი მთავრობის შეცდომები და ხშირ შემთხვევებში დანაშაული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. მინდა, მხნეობა და გამძლეობა ვუსურვო ბაჩო ახალაიას და მის ოჯახს" - აცხადებს მერაბიშვილი.

ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მთავარმა პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი ბრალი წაუყენა პატიმართა წამებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურის ცნობით, დანაშაული 2006 წელსაა ჩადენილი, როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, მეგის ქარდავა კი მე-7 საპყრობილის დირექტორი.

კომენტარები