პროტესტი უკრაინაში

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი უკრაინაში არ შეუშვეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით კაკულია უკრაინაში არ შეუშვეს. აეროპორტში მას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ის შესულია ე.წ. შავ სიაში და ქვეყანაში შესვლის უფლება ერთი წლის განმავლობაში არ აქვს.

"გავდიოდით საპასპორტო კონტროლს. მას შემდეგ, რაც გაატარეს ჩვენი ოპერატორი ლევან კალანდია, მე მესაზღვრემ მთხოვა, რომ გავყოლოდი მას. შემიყვანეს დაკითხვის ოთახში, სადაც დაიწყეს საბუთების გაფორმება. ვიკითხე, რა საბუთებს აფორმებდნენ და რა პრობლემასთან მქონდა საქმე. მათ მითხრეს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის გადაწყვეტილებით, ერთი წლის განმავლობაში მეკრძალება უკრაინაში შესვლა და ყველანაირი საქმიანობა. ასევე მომცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ უკრაინაში ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში დავარღვიე უკრაინის კანონმდებლობა და, შესაბამისად, უშიშროების სამსახურმა შემიყვანა საეჭვო პირთა სიაში. მითხრეს, რომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შემეძლება ქვეყანაში დაბრუნება", - აცხადებს დავით კაკულია რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში.
მისივე თქმით, მესაზღვრეებმა განუმარტეს, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საქმეში საქართველოს სახელმწიფო ჩაერთვება.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კიევში არცერთი პასუხისმგებელი სტრუქტურა აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.

დავით კაკულია უკრაინაში სახალხო გამოსვლებს მისი დაწყების პირველი დღეებიდანვე აშუქებდა.

შეგახსენებთ, რომ კიევში ყოფნისას პრობლემა შეექმნა ტაბულას გადამღებ ჯგუფსაც. დიმიტრი ავალიანს უშიშროების და საიმიგრაციო სამსახურებმა სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და უთხრეს, რომ ქვეყანა 24 საათის ვადაში უნდა დაეტოვებინა.

კომენტარები