საყდრისი

ოდიშარია: საყდრისის საბადოზე ვითარებას კულტურის სამინისტროს ჯგუფი შეისწავლის

გურამ ოდიშარია
primetimenews.ge

კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, საყდრისის ისტორიულ საბადოზე ვითარების შესასწავლად დღეს კულტურის სამინისტროდან ჯგუფი ჩავა. 

"ჩვენ პირველი ინფორმაცია მივიღეთ 7 იანვარს საღამოს, რომ თითქოს იქ სამუშაოები დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები გავაგზავნეთ, რომლებსაც მონიტორინგი უნდა ჩაეტარებინათ. ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რაც არასწორია. დღეს წავიდა ახალი ჯგუფი და დღის ბოლოსთვის მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა ადგილზე. ჯერ რაიმე მკვეთრ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ეს არ არის მარტო კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი. უწყებებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები. თქვენ იცით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არის ამ საქმეში ჩართული. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც აქვს წვდომა იმ ინფორმაციაზე, თუ რა დევს სასწორის მეორე მხარეს. რა რაოდენობის დოვლათია იქ, რამდენი ადამიანია დასაქმებული და რას ნიშნავს ეს სახელმწიფოსთვის", - თქვა ოდიშარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია RMG გოლდის ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი დღეს აქციით გააპროტესტა. ისინი ძეგლზე "ვანდალიზმის შეწყვეტას" და ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ.

საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შპს RMG გოლდს გაფრთხილება უკვე მისცა. სააგენტო კომპანიას მოუწოდებს, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეაჩეროს. ამასთან, მათივე ცნობით, გაფრთხილებით გათვალისწნებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დადგენილი წესით.

RMG გოლდი კი, აცხადებს, რომ კომპანია წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. 

"ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ RMG თავისი ქმედებით ხელყოფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას ან არქეოლოგიურ ძეგლს, საფუძველს მოკლებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის N03/82 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის შესაბამისად, პრეისტორიულ პერიოდში ოქროს მოპოვება საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე არ დასტურდება; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის N03/108 ბრძანებით საყდრისის ობიექტს მოხსნილი აქვს "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსი; ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის N 563 ბრძანებულებით ობიექტს მოეხსნა "ეროვნული მნიშვნელობის" კატეგორია; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის N1436 დადგენილებით გაუქმდა არქეოლოგიური დაცვის ზონა. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან 2013 წლის 26 სექტემბერს გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებული სპეციალური თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეროვნული მუზეუმის, მეცნიერებათა აკადემიისა და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და კულტურის სამინისტროსთან არსებული კომისიის ექსპერტები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მომხდარიყო საყდრისის ობიექტის არქეოლოგიური შესწავლა და შედეგების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კომპანიის მიერ ტერიტორიის შემდგომში ათვისების მიზნით. ამავე შეხვედრაზე მეცნიერებათა აკადემიას, როგორც სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ საკითხებში კომპეტენტურ ორგანიზაციას, დაევალა განეხორციელებინა ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის მონიტორინგი და ზედამხედველობა. შეთანხმების თანახმად, ახალი ფაქტებისა და/ან გარემოებების არ გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას მიეცემოდა აღნიშნული ტერიტორიის ათვისების უფლება, ხოლო ტერიტორიაზე არსებული ღირებული არქეოლოგიური არტეფაქტები გადატანილი და განთავსებული იქნებოდა სამუზეუმო სივრცეში. 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა საყდრისის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ: კვლევა მეთოდიკის სრული დაცვით განხორციელდა; მთელ ტერიტორიაზე ერთგვაროვანი სურათი დაფიქსირდა; ობიექტის კლდის ნაპრალებში, ჭრილებსა და კლდოვან ქანებში კულტურული ფენების არსებობა არ დადასტურდა; საყდრისის ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად სტერილურია; ტერიტორიაზე არავითარი არტეფაქტი და ძველი მადნის დამუშავების არანაირი კვალი არ გამოვლინდა. ზემოხსენებული არქეოლოგიური კვლევის შედეგებს ადასტურებს, ერთის მხრივ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის 2013 წლის 9 დეკემბრის ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს გამოცემული ბრძანება (N2/185) არქეოლოგიური სამუშაოების მიღების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2013 წლის 3 დეკემბრის N010107-397/493 წერილი. შესაბამისად, კომპანია RMG საყდრისის საბადოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიას, რომელზეც სამუშაოების მიმდინარეობისას გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება - რაიმე არქეოლოგიური არტეფაქტის გამოვლენისას შეაჩეროს სამუშაოები და მიმართოს დადგენილ პროცედურებს", - აცხადებს კომპანია. 

 

კომენტარები