პატრიარქის ეპისტოლე 2014

სერგეენკო: შვილის აყვანა 3 000-ზე მეტს უნდა, გასაშვილებელი კი, 20 ბავშვია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შვილად აყვანასთან დაკავშირებით 3000-ზე მეტი განცხადებაა შესული, გასაშვილებელი კი, მხოლოდ 20 ბავშვია. როგორც სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, საკითხი არა პროცედურის სირთულეში, არამედ მოთხოვნა-მიწოდების კუთხით დგას.

„შვილად აყვანასთან დაკავშირებით, შემოსულია 3000-ზე მეტი განცხადება, მაშინ როდესაც გასაშვილებელი მხოლოდ 20 ბავშვია. როდესაც ოჯახს სურს აიყვანოს ბავშვი, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება, ასეთი ბავშვების რაოდენობა ცოტაა და დალოდების ვადა ხანგრძლივია, ხშირად წლები. საბედნიეროდ, არის შემთხვევები, ჩემი პირადი სანაცნობოდანაც ვიცი, როდესაც ოჯახი თანახმაა, ფიზიკური ნაკლით იშვილოს ბავშვი. მაშინ ბევრად სწრაფად ხორციელდება ყველაფერი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა აბორტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა არა მარტო აბორტების რაოდენობაში, არამედ აბორტებისადმი დამოკიდებულებაშია. მისივე შეფასებით, კატასტროფაა შერჩევითი აბორტები.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ რაღაც სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ. მაგრამ მოგიწოდებთ, გთხოვთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მხარში ამოგვიდგეთ ამაში. ეს მართლაც კატასტროფა არის. განსაკუთრებით არჩევითი აბორტები. ვერანაირად ვერ დადის ჩემს აზროვნებამდე - როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ეს გააკეთოს. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ამ ბარიერის გარღვევას და რაღაც ლოგიკური წესრიგის დამყარებას ამ მხრივ, მაგრამ საზოგადოების დახმარების გარეშე, უბრალოდ არ გამოვა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს, რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 37 000-40 000 შეადგინა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი ამაზე მეტია.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება".

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ; მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისთვის მომზადებად იქცეს. სასურველია ბავშვის აყვანაც. ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ", - ნათქვამია ეპისტოლეში.

კომენტარები