პატრიარქის ეპისტოლე 2014

ეკა ბესელია: სუროგაცია ჩვენთან ბიზნესი და ტრეფიკინგის წყარო გახდა

ეკა ბესელია და პატრიარქი
www.facebook.com/EkaBeseliaOfficial

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ფეისბუქზე, მაჟორიტარის ოფიციალურ გვერდზე ეხმიანება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გარშემო ატეხილ ხმაურს, რომელიც სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას ეხება. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართელოში სუროგაცია ბიზნესისა და ტრეფიკინგის წყაროა.

"2014 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა. ყველა ბავშვი ღირებულია. განუმეორებელია. საუკეთესოა. თანაბრად დაცულია კანონით და ჩვენ ყველას ერთანირი სიყვარულით უნდა ვღებულობდეთ.

ბავშვთა უფლებების და მდგომარეობის კუთხით საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. 77 000 მეტი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 200 000 ზე მეტი სიღარიბის ზღვარზე, გარდაცვალების ფაქტებით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა.... ამ გარემოებების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა.
კონცეფცია დავამტკიცეთ 27 დეკემბერს

რაც შეეხება საშობაო ეპისტოლეს:

ვფიქრობ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთ თემებზე საჯარო დისკუსიის დროს. გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ რასაც ვფიქრობთ, მაგრამ გამიჩდა განცდა, რომ ჩვენ ვტკენთ გულს პატრიარქს დაუმსახურებლად. პატრიარქს, რომელიც ყველაზე დიდი მაგალითი გვყავს სიყვარულის, მიმტევებლობის და თავმდაბლობის. მოვისმინე ისეთი კომენტარებიც კი, რომ თურმე, პატრიარქი სიძულვილს ქადაგებს, არ უყვარს ეს ბავშვები, არ აღიარებს მათ, შეურაცყოფა მიაყენა და ა.შ...

პატრიარქმა ისაუბრა სუროგაციის მეთოდზე - ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ოჯახის ტრადიციებზე - ასევე ქრისტიანული სწავლების მიხედვით და ა.შ. მას არ უთქვამს, რომ შევლახოთ უფლებები ამ ბავშვების ან არ გვიყვარდეს, არ მივიღოთ ისინი და ხელი ვკრათ "დაუმორჩილებელ" ცოლებს: პატრიარქი არ არის კანონმდებელი, იგი ეკლესიიის წინამძღოლია და ქრისტიანული დოგმებითა და სჯულის კანონით საუბრობს. ვისაც ეს არ მოწონს, არ იღებს ამ წესს, ვინც იზიარებს - იღებს, თავს არ გვახვევს, მაგრამ გვინდა, რომ მას ავუკრძალოთ რაც მართლმადიდებელი რელიგიით არის მიუღებელი ამაზე ისაუბროს?

ჩვენ კანონმდებლები ვართ და ჩვენ გადავწყვიტოთ ყველაზე მაღალი სტანდარტით ადამიანის უფლებების კუთხით რა არის მისაღები. მგონია, რომ ქვეტექსტით პატრიარქს ასწავლიან რა უნდა თქვას. ზოგჯერ მისი გამოხატვის თავისუფლებასაც ეხებიან და შემდეგ ბნელსაც უწოდებენ ის ადამიანები, ვის სულში და თვალებში ნაკლებად ჩანს სინათლე, სიყვარულო.

მომიტევეთ ამ გულახდილობისთვის, მაგრამ ჩემი გამოხატვის თავისუფლების და ხედვის სივრცეში ასე ჩანს ეს დებატები. ნეტავ შევძლოთ ისეთი მიმტევებლობა, ისეთი სიყვარულით და სიკეთით ერთი დღე ცხოვრება, როგორც ეს პატრიაქრმა შეძლო.

ბევრი ევროპული ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე კრძალავს სუროგაციის მეთოდს. ჩვენთან ეს ბიზნესი გახდა და ტრეფიკინგის წყარო, თუმცა, ვინც ამ გზით მოევლინა სამყაროს, მართლაც ისეთივე მშვენიერია და უსაყვარლესი, როგორც ყველა სხვა ბავშვი, როგორც ჩვენი შვილები. ბავშვი ბავშვია და ყველა გასაფრთხილებელია.

2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად იქნებ ყველამ ერთად გამოვაცხადოთ", - წერს ეკა ბესელია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე იუსაუბრა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა", - თქვა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში.

კომენტარები