პატრიარქის ეპისტოლე 2014

ომბუდსმენი პატრიარქის მოსაზრებებს რისკის შემცველად მიიჩნევს

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ილია მეორის მიერ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ომბუდსმენმა აღნიშნული განცხადება ფეისბუქზე, თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

"ვწუხვარ, რომ ობიექტური მიზეზების გამო, მხოლოდ ახლა მოვახერხე საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გავცნობოდი, სადაც მრავალ საკითხთან ერთად, საუბარია ოჯახურ ტრადიციებზე, მათ შორის, წამოწეულია სუროგაციისა თუ ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვების თემა. ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში საქართველოს პატრიარქის განსაკუთრებული გავლენის გამო, ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრება, რომ ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვები "პრობლემატურნი იქნებიან", ასევე მოწოდება, რომ "არ შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება" მნიშვნელოვანი რისკის შემცველია.

მსგავსი ტიპის განცხადებებმა, შეიძლება ხელი შეუწყოს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიმართ საზოგადოებაში დისკრიმინაციული შეხედულებების ჩამოყალიბებას და მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირებას, რამაც შესაძლოა მომავალში მათი სტიგმატიზაცია და საზოგადოებიდან გარიყვა გამოიწვიოს.

გასათვალისწინებელია იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც ემზადებიან ან უკვე ჰყავთ ბავშვი სუროგაციისა თუ ხელოვნული განაყოფიერების შედეგად. სამწუხაროა, რომ ტექსტის ავტორმა ვერ გაითვალისწინა მათი ინტერესები და ის ტკივილი, რომელიც ამ განცხადებით მიადგებოდა უამრავ ადამიანს. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება მიუხედავად განსხვავებებისა. მათ შორის, ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს და განვითარდეს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მოევლინნენ ისინი ქვეყანას. ვფიქრობ, ეკლესიის მიერ ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, რამაც კონკრეტული ადამიანების, მით უმეტეს, ბავშვის უფლებები შეიძლება შელახოს, მეტი სიფრთხილეა საჭირო. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები