პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი: ობამა ავღანეთის მისიას სკეპტიკურად აფასებდა

antiwar.com

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი რობერტ გეიტსი თავის მემუარებში ბარაკ ობამას აკრიტიკებს. თავდაცვის ყოფილი მდივანი წიგნში - „მოვალეობა: თავდაცვის მდივანი ომში“ წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ავღანეთში წარმატების მიღწევის შანსებს სკეპტიკურად აფასებდა.

„მე არასოდეს შემიტანია ეჭვი პრეზიდენტის მხარდაჭერაში ჯარისკაცების მიმართ, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი მათი მისიის მხარდაჭერაზე“, - წერს რობერტ გეიტსი.

თავდაცვის ყოფილი მდივნის თქმით, ის ჯერ კიდევ 2010 წელს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პრეზიდენტს თავისივე სტრატეგიის არ სჯეროდა და მხოლოდ ავღანეთიდან გამოსვლაზე ფიქრობდა.

როგორც გეიტსი წერს, ობამა ავღანეთის ომს თავისად არ მიიჩნევდა. პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა თეთრი სახლის მიერ გამოვლენილი უნდობლობა და ეჭვები სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ. მისი თქმით, უნდობლობა პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტისგანაც იგრძნობოდა.

რობერტ გეიტსი პენტაგონს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2006 წელს ჩაუდგა სათავეში და პოსტი ობამას დროსაც შეინარჩუნა. მან თანამდებობა 2011 წელს დატოვა.

კომენტარები