საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო: პრემიის სახით ხადურს არც ერთი თეთრი არ მიუღია

mof.gov.ge

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ნაციონალურ მოძრაობას ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიმართ, ცილისმწამებლურ კამპანიაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ინფორმაცია, რომ მინისტრმა წინასაახალწლოდ პრემიის სახით 25 000 ლარი მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უწყების თითოეული თანამშრომლის და ფინანსთა მინისტრის დისკრედიტაციას.

სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 2014 წლის 2 იანვარს ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პრემიის სახით წინასაახალწლოდ მიიღო 25 ათასი ლარი.

ვინაიდან აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი.

აქვე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ მივიღოთ მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების ბინძურ კამპანიაში და ყოველ შემდგომ ცილისწამებლურ განცხადებაზე პასუხი გავცეთ მხოლოდ სამართლებრივი გზით.

ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იყო, არის და იქნება ღია ყველა, თუნდაც უაღესად კრიტიკული, რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელთათვისაც ღირებულია სიტყვის თავისუფლება, ობიექტურობა და ადამიანის უფლებები", - წერია განცხადებაში.

კომენტარები