პაპი

მემარცხენე პაპი პეტრეს საყდარზე

მეექვსეჯერ, მას შემდეგ რაც ის 9 თვის წინ პაპად აირჩიეს, ფრანცისკემ „შეუზღუდავი ბაზრის" კრიტიკა შემოგვთავაზა. Evangelii Gaudium – სახარებისეული სიხარული, ასე ჰქვია პონტიფექსის მიერ 2013 წლის ბოლოს დაწერილ სამოციქულო მიმართვას, სადაც ის „შეუზღუდავ კაპიტალიზმს" აკრიტიკებს. პონტიფექსს ღრმად სწამს, რომ თავისუფალი ბაზარი უმოწყალობისა და გლახაკების შევიწროების „ოქროს ხბოა" – კერპი, რომლის თაყვანისცემაშიც კაცთა მოდგმას გაჭირვებულები ავიწყდება.

თავშივე უნდა ითქვას, რომ მაღალიერარქების განცხადებები მეცნიერებისა და ეკონომიკის შესახებ, სარისკოა. ჯერ კიდევ უძველესი ეკლესიის მამა, ნეტარი ავგუსტინე წერდა, რომ ქრისტიანთა მიერ სამეცნიერო თემებზე გამოთქმული არაკვალიფიციური მოსაზრებები, მათ მიმართ უნდობლობას იწვევს და შემდეგ ეს უნდობლობა ვრცელდება სახარებაზეც, რომელსაც ისინი ქადაგებენ.

„არაქრისტიანებმაც იციან რაღაც მიწაზე, ცაზე და სამყაროს სხვა ელემენტებზე, ორბიტებსა და ვარსკვლავებზე, მათ ზომებსა და ურთიერთგანლაგებაზე, მოსალოდნელ მზისა და მთვარის დაბნელებაზე, წლიურ ციკლსა და სეზონებზე, ცხოველთა ჯიშებზე და ა.შ და ეს ყველაფერი მათ იციან ცოდნითა და გამოცდილებით. სამარცხვინოა, როცა არაქრისტიანებს ამ თემებზე ქრისტიანების სულელური პოზიციები ესმით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი უხერხული სიტუაციები... რადგან ხალხი ხედავს ქრისტიანთა აბსოლუტურ მოუმზადებლობას ამ საკითხებში და მათ დასცინის. როგორ ირწმუნებენ ისინი წმინდა წერილში გადმოცემულ საკითხებს მკვდრეთით აღდგომაზე, მარადიულ სიცოცხლესა და ცათა სასუფეველზე, როცა ფიქრობენ, რომ ამ წმინდა წერილის ფურცლები სავსეა ისეთივე ტყუილი ფაქტებით, რომლებიც მათ ქრისტიანებისგან სხვა თემებზე ესმით?" – წერდა ავგუსტინე.

პაპი თავისუფალი ბაზრის „ახალ ტირანიაზე" საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, სიღარიბეს აღრმავებს, მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებს და ღარიბებს კიდევ უფრო აღარიბებს. მიუხედავად იმისა, რომ არავის ეპარება ეჭვი პაპის კეთილ მოტივებში, სტატისტიკა მის სიტყვებს ეწინააღმდეგება. სიღარიბე კი არ იზრდება – მცირდება. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი დაეხსნა სიღატაკეს, ვიდრე პლანეტაზე ცხოვრობდა 1800 წელს. გაჭირვებულებს ხსნად კონკურენციის შემოღება მოევლინათ. ეს ადგილი კი დიდი ხნის მანძილზე ავტორიტარულ, მონოპოლისტ ხელისუფლებას ეკავა.

თუ 1990 წელს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 43% უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობდა, 2000 წელს ეს პროცენტი მესამედით შემცირდა. 2010 წელს კი უკიდურესად გაჭირვებულთა რაოდენობამ ორჯერ იკლო.

თავისუფალი ბაზარი იყი ერთადერთი ხსნა, რომელმაც ღარიბებს უშველა. ამ მოცემულობაში პაპის მოსაზრება, რომ „ყველაფერი კონკურენციის კანონების მიხედვით მიმდინარეობს და გადარჩება უფრო შემგუებელი" – ბევრისთვის მარტივი პოპულიზმი აღმოჩნდა.

თავისუფალი ბაზარი დღეს ნამდვილად არის საკამათო. აშშ-ში, რომელიც თავისუფალი ბაზრის სიმბოლოდ მიიჩნევა, უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე 81 883 რეგულაცია შემოიღეს. შესაძლოა, ბაზარი უნდა რეგულირდებოდეს ნაკლებად ან შესაძლოა, უნდა რეგულირდებოდეს მეტად. მაგრამ ის „უკონტროლო" არ არის – როგორადაც ამას პაპი წარმოაჩენს.

ამას გარდა, აშშ-ში სახელმწიფო მთელი სიმდიდრის 40%-ს ანაწილებს, როცა საუკუნის წინ 7%-ს ანაწილებდა. ამ ქონების უმრავლესობა სწორედ მდიდრებისგან მოდის და ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე იხარჯება, როგორიცაა თავდაცვა, გზების მშენებლობა, ჯანდაცვა და განათლება... სწორედ უმდიდრესმა 1%-მა, რომელთა ხელში თავმოყრილი ფულიც ასე სძულთ, 2010 წელს მიიღო შემოსავლების საერთო რაოდენობის 19% და გადაიხადა ყველა მოგების გადასახადის 38%. ხოლო მდიდრების 10%-მა მოგების გადასახადის 70% გადაიხადა. შესაძლოა მდიდრებმა უფრო მეტი წილი უნდა შეიტანონ ბიუჯეტში, ან შესაძლოა ნაკლები. მაგრამ მათ წვლილი აქვთ და იმაზე დიდი, ვიდრე ბიბლიური მეათედია.

თავისუფალი ბაზრისგან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ. სასწაულებს საერთოდ არ უნდა ველოდოთ. როცა საქმე ეკონომიკას ეხება, ჩვენ უკეთესი და გონივრული უნდა გვინდოდეს და არა სასურველი და მიუღწეველი. სწორად ფუნქციონირებადი ბაზრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არავითარი კონკრეტული შედეგი გარდაუვალი არ არის და არც გამარჯვებულები ცხადდებიან წინასწარ. ბაზარმა უნდა შექმნას შესაძლებლობები, რომლის ჩარჩოებშიც მორალური არჩევანის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ამ ბაზარში მათ, „ვინც ფლობენ ეკონომიკურ ძალაუფლებას", უწევთ ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დაამტკიცონ საკუთარი კომპეტენტურობა.

სიღარიბე კაცობრიობის შეუსრულებელი ვალდებულებაა. ეს მოცემულობაა. ჩვენ გვჭირდება სიმდიდრე და უდიდესი მამოძრავებელი ძალა სიმდიდრის შესაქმნელად ბაზარია. გაზრდილი მწარმოებლობისა და საქონელზე ფასების კლებით, ბაზარი რასაკვირველია დაეხმარება მდიდრებსაც, მაგრამ ის კიდევ უფრო დაეხმარება ღარიბებს. „თავისუფალმა ბაზარმა დედოფალს მოუტანა უფრო მეტი აბრეშუმის წინდა, მაგრამ წინდები მიღწევადი გახდა ქარხანაში მომუშავე გოგონებისთვისაც", – წერდა ავსტრიელ-ამერიკელი ეკონომისტი ჯოზეფ შუმპეტერი.
სინამდვილეში, კაპიტალიზმი „უფრო ძლიერის" გადარჩენის პრინციპს არ ეფუძნება, პირიქით, ის სტიმულირებს კონკურენციას მწარმოებლებს შორის, ასე რომ, მომხმარებლებს აღარ უწევთ დეფიციტურ საქონელზე კონკურენცია. 1900 წელს მუშას დასავლეთში ერთი საათი სჭირდებოდა ლიტრ-ნახევარი რძის გამოსამუშავებლად. 1930 წელს მას რძის ფულის გამომუშავება ნახევარ საათში შეეძლო, ხოლო დღეს – რამდენიმე წუთში.

თუ ყველა ამერიკელი მდიდრის ქონებას გადავცემდით მუშებს, აღნიშნავს ისტორიკოსი დეიდრ მაკლოსკი, მუშები მხოლოდ 30 პროცენტით უკეთ იცხოვრებდნენ, მაგრამ ორასი წლის მანძილზე ისინი 3000%-ით უკეთ ცხოვრობენ.

პაპის კრიტიკა უმისამართოა და რეალობას არ შეეფერება. თუ გავყვებით თანამედროვე სამყაროს რეალიებს, აღმოვაჩენთ, რომ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც ბაზარი აბსოლუტურად ავტონომიურია. მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ხელისუფლება მშპ-ის 40 პროცენტს აკონტროლებს. ძალიან ბევრ განვითარებად ქვეყანაში ეს პროცენტი გაცილებით დიდია. ხელისუფლების მხრიდან მრავალ ქვეყანაში სახელმწიფო რეგულაციები იმდენად მრავალია, რომ ეს პრობლემას ქმნის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, გაუგებარია – ეკონომიკის კიდევ რა წილი უნდა ჩავუგდოთ სახელმწიფოს ხელში იმისთვის, რომ ვიხსნათ ღარიბები სიღარიბისგან?

Evangelii Gaudium-ში პაპი პრეტენზიას გამოთქვამს ასევე მათ მიმართ, ვინც „უარყოფს სახელმწიფოს უფლებას საზოგადო სიკეთის შექმნაზე და ეწინააღმდეგება ნებისმიერი კონტროლის განხორციელებას", – თუმცა ანარქო-კაპიტალისტების ვიწრო წრის გარდა, რომელთაც სახელმწიფოთა პოლიტიკაზე ნულოვანი გავლენა აქვთ, ამ იდეას არავინ იზიარებს. ერთია, გსურდეს სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირება, მის ხელში ნაკლები ფულის კონცენტრაცია და მეორეა, უარყო რეგულირების ყველა ფორმა საერთოდ. თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობა ანარქო-კაპიტალისტი არ არის.

პაპ ფრანცისკეს აქვს დიდი გული და სახარებისეული მოკრძალება, რომელმაც ის სწრაფად აქცია პოპულარულად, მაგრამ მისი ხმა კიდევ უფრო ავტორიტეტული იქნება, თუ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული. გასაგებია, რომ ის გაჭირვებულთა ეპისკოპოსი იყო მშობლიურ არგენტინაში და ყოველდღიურად ხედავდა უდიდეს უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ არგენტინასა და ლათინურ ამერიკაში არა კაპიტალიზმი, არამედ კორუფცია, პროტექციონიზმი და საკუთრების უფლების სრული დეგრადაცია მეფობს. ხოლო იქ, სადაც საკუთრების უფლება დაცული არ არის და სახელმწიფოს როლი სულ უფრო იზრდება, რასაკვირველია, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ პაპი ცდება, აუცილებელი არ არის, მასთან ერთად შეცდნენ კათოლიკეებიც. ფრანცისკეს შეხედულებები ორიათასწლოვან ინსტიტუტს ვერ გადააქცევს სოციალისტურ კომუნად, რადგან უბრალოდ არ არსებობს კათოლიკური სწავლება იმის შესახებ, რამდენი უნდა იყოს საშემოსავლო გადასახადი. კათოლიკეები ვალდებულნი არ არიან, დაუჯერონ პაპს ეკონომიკურ საკითხებში, როცა სტატისტიკური მონაცემები განსხვავებულ სურათს გვიხატავენ. ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიაში მრავალფეროვანი აზრებისა და შეხედულებების ერთი წარმომადგენელია, რომლის უკანაც დგანან პაპები, თავიანთი სოციალური დოქტრინითა და შეხედულებებით. ეს შეხედულებები საუკუნეების მანძილზე მარჯვნივ იყო გადახრილი.

კათოლიკური სოციალური დოქტრინა, დაწყებული პაპი ლეო მეცამეტედან, სუბსიდიარობის პრინციპს ეფუძნებოდა. ამ პრინციპის მიხედვით, კერძო ინიციატივები, მოწყალება და საზოგადოებრივი ძალისხმევა უპირატესია სახელმწიფოს მიერ სიმდიდრის გადანაწილების ფუნქციაზე. ლეო მეცამეტის Rerum Novarum-ის შემდეგ პაპები სახელმწიფო ძალაუფლების შესუსტებისთვის იბრძოდნენ. მათ სურდათ კერძო სექტორიდან მაქსიმალურად განედევნათ ბიუროკრატია და სადაც მისი მოქმედებები აუცილებლობას არ წარმოადგენდა, იქ ეს ფუნქცია საზოგადოებას ეტვირთა. უპირატესად მიიჩნეოდა ვოლუნტარიზმი, მოხალისეობა და მოწყალება – და არა მდიდრების დაბეგვრა, ღარიბების გასამდიდრებლად. ვატიკანში ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდნენ კეისრის ამ ფუნქციებს.

რომის ეკლესია, როგორც უდიდესი გამოცდილების მქონე ისტორიული ინსტიტუტი, შესანიშნავად იცნობს კეისარს. ვის თუ არა მას, კარგად ესმის, რომ არ არსებობენ სრულყოფილი ლიდერები იმისთვის, რომ მათ ხელში „დოვლათის სამართლიანი გადანაწილების" ბერკეტის ჩაგდება გავბედოთ. შეუძლებელია წუთისოფელში მიაღწიო სოციალურ სამართლიანობასა და სამოთხეს. შესაძლოა ჩვენ ვიცხოვროთ უკეთეს სამყაროში, შესაძლოა მივაღწიოთ კანონის წინაშე თანასწორობას, მაგრამ ვერასდროს ვიცხოვრებთ სრულყოფილ სამყაროში, სადაც ყველაფერი „თანასწორად" და „სამართლიანად" იქნება გადანაწილებული.

„ახლა თქვენი ჯერია, იყოთ ლოიალურ ოპოზიციაში", – ასე ეუბნებიან კონსერვატორ კათოლიკეებს მემარცხენე ერთმორწმუნეები, რომლებსაც წლების მანძილზე ვატიკანის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული, მემარცხენე შეხედულებები ჰქონდათ. თუმცა კათოლიკე ეკლესიის რწმენა მათთვის პაპის შეხედულებებზე მაღლა იდგა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური სოციალური დოქტრინა იყო და დღემდე რჩება მემარჯვენედ – არასდროს უარსებია „კოლექტივიზმისგან გათავისუფლების" ორდენებს. მემარცხენეები ეკლესიაში თავს მეორეხარისხოვან წევრებად არასდროს გრძნობდნენ.

ახლა კი დადგა დრო, როცა მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული პირველად, ვატიკანში მემარცხენე შეხედულებების პაპი ზის. უდიდესი კონსერვატორისა და ტრადიციონალისტის, პაპი ბენედიქტეს შემდეგ, ეს უეცარი გარდატეხა მარცხნივ, მტკივნეულად შესამჩნევია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წმინდა პეტრეს საყდარი „მარქსისტი ანტიპაპის" მიერ არის ოკუპირებული. კათოლიკეებს ვერ ექნებათ განსხვავებული შეხედულებები აბორტსა და ევთანაზიაზე, მაგრამ სიკვდილით დასჯაზე, ეკონომიკასა და მეცნიერებაზე მათ შეუძლიათ ჰქონდეთ იმგვარი პოზიცია, როგორიც მეტად სარწმუნოდ მიაჩნიათ. ეკლესიის რწმენით, ქრისტეს მარადიული ჭეშმარიტება მის წიაღშია დავანებული და არაფერი ემუქრება იქამდე, სანამ რომელიმე მიწიერი შეხედულება დოგმატის სტატუსს არ მოიპოვებს. ასეთი რამ კი შეუძლებელია იქ, სადაც პაპი ფრანცისკე მადლობას უხდის კონსერვატორებს მისი შეხედულებების კრიტიკისთვის. მემარჯვენე კათოლიკეებს კი ფრანცისკეს პონტიფიკატის აჯანყებულ მორჩილებაში გატარება მოუწევთ.

კომენტარები