თბილისის ბიუჯეტი

თბილისის მერიამ 100 ახალი ავტობუსის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა

თბილისში შემოსაყვანი ავტობუსის მოდელი

თბილისის მერიის განცხადებით, დაუმტკიცებელი ბიუჯეტის  გამო, მერია იძულებულია, ახალი ავტობუსების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი გააუქმოს. 

თბილისის მერიამ დედაქალაქში 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად, ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა. 2014 წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით წარმოშობილი პრობლემების გამო, თბილისის მერიის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ1" ქვეპუნქტის საფუძველზე წყვეტს შესყიდვის პროცედურებს.

4 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა  ხუთმა კომპანიამ მიიღო. მათ მერიას შემდეგი ფასი (დღგ-ს ჩათვლით) შესთავაზეს: KAREX (IVECO) – 62 927 040 ლარი, თეგეტა თრაქ ენდ ბას (MAN) – 57 592 538 ლარი, Solaris Bus & Coach S.A  – 57 414 928 ლარი, Zhengzhou Yutong Bus Co..LTD– 37 359 538 ლარი  და  XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO  – 37 359 509 ლარი.

"თბილისის საკრებულოს 2013 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი არ დამტკიცდა. საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე, ყოველთვიურად გასცეს თანხა არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-სა. ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის 15-49 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებები შეადგენდა 122 382 211 ლარს. მათ შორის, ტრანსპორტის განვითარების პროგრამა დაფინანსებული იყო 56 050 000 ლარით, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-პატრონობის პროგრამა - 66 332 211 ლარით. შესაბამისად, ამ პრიორიტეტზე საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, 2014 წელს დასახარჯი თანხის მოცულობა შეადგენს ყოველთვიურად 10 198 517 ლარს.  

ზემოაღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში, გარდა ახალი ავტობუსების შეძენისა,  ყოველწლიურად შემდეგი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ღონისძიებები უნდა დაფინანსდეს: ცენტრალური ქუჩების აღდგენა-რეკონსტრუქცია, შიდა რაიონული გზების მოვლა-შეკეთება, საგზაო ნიშნების და შუქნიშნების მოვლა-შენახვა, შუქნიშნების მართვის ცენტრის ექსპლუატაცია, ვერტიკალური და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, საგზაო ნიშნების შეძენა-მონტაჟი, მეტროს სადისპეტჩეროს რეკონსტრუქცია და სხვა პროექტები, რაც ჯამურად  83 400 000 ლარს შეადგენს.

სატენდერო პირობების შესაბამისად, მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი ავანსის (მთლიანი ფასის 30%) მოცულობა შეადგენს:KAREX (IVECO) – 15 998 400 ლარს, თეგეტა თრაქ ენდ ბას (MAN) – 14 642 170 ლარს, Solaris Bus & Coach S.A– 14 597 015 ლარს,  Zhengzhou Yutong Bus Co..LTD – 9 498 187 ლარს  და  XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO  – 9 498 180 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს ყოველთვიურად გასაცემი ასიგნებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 198 517 ლარს, ნათელია, რომ თბილისის მერიის მიერ თუნდაც ზემოთაღნიშნული ყოველწლიურად მიმდინარე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ღონისძიებების საერთოდ განუხორცილებლობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ავანსის სახით მითითებული თანხების გადახდა ზოგიერთი კომპანიისთვის, ხოლო ავანსის გადახდის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ზემოთ მითითებული სხვა ღონისძიებების განხორციელება. ასევე, შეუძლებელი იქნება სატენდერო პირობების თანახმად დარჩენილ 70%-ის შესაბამის თანხაზე აკრედიტივის გახსნა, რადგან ისიც მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობას. კერძოდ, აკრედიტივის მოცულობა კომპანიების მიხედვით შეადგენს: KAREX (IVECO)  – 37 329 600 ლარს, თეგეტა თრაქ ენდ ბას(MAN) – 34 165 065 ლარს, Bus & Coach S.A– 34 059 703 ლარს, Zhengzhou Yutong Bus Co..LTD– 22 162 438 ლარს  და XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO – 22 162 420 ლარს.  შესაბამისად, თბილისის მერია ამ წესის მიხედვით ვერ შეძლებს ვერც საბოლოო ანგარიშსწორებას ავტობუსების შემოყვანის შემდეგ. ასევე, თბილისის 2013 წლის შესაბამისი პრიორიტეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ზემოაღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების შემდეგ  38 982 211 ლარი რჩება, რაც ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) დასაფინანსებლად არ არის საკმარისი" - აცხადებს თბილისის მერია და აღნიშნავს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი, კომფორტული ავტობუსების შესაძენად ტენდერის თავიდან გამოცხადების შესახებ.

"ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ახალმა უმრავლესობამ თბილისელების კეთილდღეობა პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლოს. გპირდებით, რომ ბიუჯეტი რომელიც თბილისელების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა, ჩვენი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში დამტკიცდება" - აცხადებს მერია.

შეგახსენებთ, რომ თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

 

კომენტარები