საოკუპაციო ხაზი

პრეზიდენტი: ოპონენტები ცდილობენ ჩვენზე დიდ პატრიოტებად გაასაღონ თავი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არავითარი ტერმინოლოგიური ცვლილება არ არის. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის გადაამოწმებს ადრე როგორ იყო მოხსენიებული კანონებში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი ხაზი. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული.

„თანამდევი ტერმინების გამოყენების თაობაზე, რა არის სწორი რომ დავარქვათ ამ ხაზს, რომელიც, ჩვენი შეხედულებით, სრულიად უკანონოდ არის იქ გავლებული, ამაზე მე ამ მომენტში პოზიცია არ გამაჩნია. ჩვენ უნდა ვნახოთ, მანამდე როგორ იყო კანონში და ახლა როგორ არის. მე ვვარაუდობ, რომ არაფერი შეცვლილა და როგორც იყო მანამდე, იგივე ტერმინი იხმარება. მაგრამ ტერმინები სხვა საკითხია. ჩვენ გვინახავს ბევრი ასეთი ყურით მოთრეული თემა, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ უფრო დიდ პატრიოტებად გაასაღონ თავი, ვიდრე ჩვენ ვართ და გვეჯიბრებიან პატრიოტიზმში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა არანაირად უკან არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. ეს პოზიცია გვაერთიანებს არა მარტო იმ ხალხს, ვინც ვართ ხელისუფლებაში, ეს პოზიცია აერთიანებს მთელ საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. მათი სასწავლო გრანტით დაფინანსება სტუდენტებისთვის განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობამ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

პარლამენტის სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციამ ის ფაქტი გააპროტესტა, რომ პროექტში ტერმინი "გამყოფი ხაზია" გამოყენებული. მათ მმართველ გუნდს აღნიშნული ტერმინის "საოკუპაციო ხაზით" ჩანაცვლება მოსთხოვეს.

კომენტარები