საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

უმცირესობამ GPB-ს მეურვეებად ქეთევან მსხილაძე და ნინია კაკაბაძე დაასახელა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი - ნინია კაკაბაძე და ქეთევან მსხილაძე წარუდგინა.

ქეთევან მსხილაძე ჟურნალ ტაბულას ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორია. ის არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის თანადამფუძნებელიც არის. წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.

პროფესიით კინომცოდნე ნინია კაკაბაძე კი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტია. ის 2011 წლიდან ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა კვირის აზრების მოწვეული ავტორია. 2012 წლიდან კაკაბაძე მუშაობს ინტერნეტ ტელევიზია არტარეაში.

ნაციონალურმა მოძრაობამ კაკაბაძე და მსხილაძე იმ 27 კანდიდატიდან დაასახელა, რომელიც საკონკურსო კომისიამ წარდგენილი საბუთებით, სამაუწყებლო კონცეფციებით და გასაუბრებით შეარჩია.

დღესვე, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურო საბჭოში დასამტკიცებლად მარინა მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი წარუდგინა.

სამეურვეო საბჭოს წევრად აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძე უკვე წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. უმცირესობას და უმრავლესობას 3-3 კანდიდატის დასახელება შეუძლიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად კონკურსი 28 ნოემბერს გამოცხადდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოსცა.

სამეურვეო საბჭო ქმედუუნარო მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან გახდა - მას შემდეგ, რაც ავთანდილ ანთიძემ საბჭო დატოვა. შედეგად, 15-წევრიან საბჭოში 7 წევრი დარჩა. კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებები სრული შემადგენლობის უმრავლესობის [მინიმუმ 8 წევრი] მონაწილეობით მიიღება.

კომენტარები