საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

ომბუდსმენი: ჩემი კანდიდატები GPB-ის პოლიტიკის განვითარებას ხელს შეუწყობენ

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურო საბჭოში დასამტკიცებლად მარინა მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი უკვე წარუდგინა.

"სახალხო დამცველი დარწმუნებულია, რომ მის მიერ რეკომენდირებული ქალბატონები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ არხის პოლიტიკის განვითარებაში და მათი დამსახურებით პირველი არხი უფრო მეტად იქნება ჰუმანურობის პრინციპებსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული" - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა გაფრინდაშვილი და მუსხელიშვილი 27 კანდიდატიდან შეარჩია.

ლელა გაფრინდაშვილი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. გარდა ამისა, არის მრჩეველთა საბჭოს წევრი “ქალთა ფონდი საქართველოში” და განაცხადების შეფასების კომისიის წევრი, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

მარინა მუსხელიშვილი კი, არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორია. ამასთან, ის 2013 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველია.

სამეურვეო საბჭოს წევრად აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძე უკვე წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას კი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მათ 3-3 კანდიდატის დასახელება შეუძლიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად კონკურსი 28 ნოემბერს გამოცხადდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოსცა.

სამეურვეო საბჭო ქმედუუნარო მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან გახდა - მას შემდეგ, რაც ავთანდილ ანთიძემ საბჭო დატოვა. შედეგად, 15-წევრიან საბჭოში 7 წევრი დარჩა. კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებები სრული შემადგენლობის უმრავლესობის [მინიმუმ 8 წევრი] მონაწილეობით მიიღება.

კომენტარები