საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

სახალხო დამცველმა GPB-ს მეურვეებად გაფრინდაშვილი და მუსხელიშვილი დაასახელა

news.ge

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ლელა გაფრინდაშვილი და მარინა მუსხელიშვილი დაასახელა. ომბუდსმენი საკუთარ კანდიდატურებს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. 

სახალხო დამცველმა გაფრინდაშვილი და მუსხელიშვილი 27 კანდიდატიდან შეარჩია. 

ლელა გაფრინდაშვილი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. გარდა ამისა, არის მრჩეველთა საბჭოს წევრი “ქალთა ფონდი საქართველოში” და განაცხადების შეფასების კომისიის წევრი, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

მარინა მუსხელიშვილი კი, არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორია. ამასთან, ის 2013 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველია.

სამეურვეო საბჭოს წევრად აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძე უკვე წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას კი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მათ 3-3 კანდიდატის დასახელება შეუძლიათ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად კონკურსი 28 ნოემბერს გამოცხადდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოსცა.

სამეურვეო საბჭო ქმედუუნარო მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან გახდა - მას შემდეგ, რაც ავთანდილ ანთიძემ საბჭო დატოვა. შედეგად, 15-წევრიან საბჭოში 7 წევრი დარჩა. კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებები სრული შემადგენლობის უმრავლესობის [მინიმუმ 8 წევრი] მონაწილეობით მიიღება.

კომენტარები