შობა

პაპმა ფრანცისკემ პირველი საშობაო ლიტურგია აღავლინა

პაპი ფრანცისკე
independent.co.uk

ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში პაპმა ფრანცისკემ ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგია აღავლინა. წირვას დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ესწრებოდა, ათასობით ადამიანი კი, ახალი პაპის პირველ საშობაო ლიტურგიას მოედანზე განთავსებული ეკრანიდან ადევნებდა თვალს.

"ღმერთი ნათელია და სიბნელე მასში საერთოდ არ არის. მაგრამ ხალხში ზოგჯერ არის როგორც ნათელის, ასევე სიბნელის დრო, ერთგულებისა და ღალატის, მორჩილებისა და ამბოხის დრო. ჩვენს პირად ცხოვრებაშიც არის ნათელი და ბნელი მომენტები, მაგრამ თუ ღმერთი, ჩვენი ძმები და დები გვიყვარს, მაშინ ნათელში შევაბიჯებთ, მაგრამ თუ ჩვენი გულები დახურულია, თუ ამპარტავნობა, სიცრუე და ანგარება სჭარბობს ჩვენში, სიბნელე ჩამოწვება ჩვენში და ჩვენ ირგვლივ", - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

საზეიმო ლიტურგია ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმაც აღავლინა. პატრიარქმა შეკრებილებს მშვიდობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ყველანი მოწვეულნი ვართ, რომ ვიმედოვნოთ და შევუერთდეთ ანგელოზთა გუნდებს ჩვენი წმინდა მიწის, რელიგიების შობის ადგილის მშვიდობიან და ყველა ხალხისთვის კურთხეულ მიწად გადაქცევისთვის", - აღნიშნა იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა.

ბეთლემში საზეიმო წირვას პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი ესწრებოდნენ.

პალესტინის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით ბეთლემში 50 ათასი მომლოცველი ჩავიდა.

კომენტარები