პრაქტიკულად ხელისუფლება მართლმსაჯულებაზე უარს გვეუბნება. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ვანო მერაბიშვილის საქმეს რუსთავი 2-ის ეთერში.
გიგი თარგამაძის თქმით, ის ფაქტი, რომ სასამართლომ ყოველგვარი მოტივის გარეშე უარი უთხრა ვანო მერაბიშვილს კადრების გასაჯაროვებაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური ზეგავლენის ქვეშაა.
„არის ვალდებულება, რომ გამოძიება დაიწყოს და არა რაიმე მოკვლევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ჩვენი ცხრაწლიანი მმართველობის პირობებში, სადაც ძალიან ბევრი შეცდომებიც იყო, ასეთი უგულებელყოფისთვის თანამშრომლები თანამდებობებიდან თავისუფლდებოდნენ, იმიტომ რომ ისინი არ ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას“, - განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძის თქმით, დღეს გაუგებარია ვინ უნდა დასაჯოს ის თანამდებობის პირები, ვინც თვითონ ამბობენ უარს მოვალეობის შესრულებაზე. მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.
„ან ეს ქრონოლოგია გაგრძელდება და ფარცხალაძე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, ან საქართველო დაემსგავსება ისევ ბანანის რესპუბლიკას“, - განაცხადა თარგამაძემ.





