ხარშილაძის საქმე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კობა ხარშილაძეს პატიმრობა შეუფარდა

www.netgazeti.ge

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ძველი თბილისის გამგებლის მოადგილეს, კობა ხარშილაძეს 400 ათას ლარიანი გირაოს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.

ხარშილაძეს ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ბრალად ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და თანხების გაფლანგვა. საქალაქო სასამართლოს 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ორივე მათგანს 400-400 ათასლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. დაცვის მხარე გირაოს თანხის 20 ათას ლარამდე შემცირებას მოითხოვდა, ხოლო პროკურატურა - ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი კობა ხარშილაძის შემთხვევაში დააკმაყოფილა, ფურცხვანიძის შემთხვევაში კი  ძალაში 400 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დატოვა. ეს თანხა ბრალდებულმა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომენტარები