ხარშილაძის საქმე

ადვოკატი: რა თქმა უნდა, ხარშილაძის დაკავება უკავშირდება ჟვანიას საქმეს

ძველი თბილისის გამგებლის მოადგილის კობა ხარშილაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით მას გაუმყარდა ეჭვი, რომ ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. 

"უკვე გასაგებია, რისთვისაც უნდოდათ კობა ხარშილაძის ციხეში ჩასმა. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჟვანიას საქმეს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ეჭვი უფრო გამიმყარდა", - თქვა გაბაიძემ.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე გუშინ დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ძველი თბილისის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიება 400-ათასლარიანი გირაოს ნაცვლად, პატიმრობით შეუცვალა.

ხარშილაძეს ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ბრალად ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და თანხების გაფლანგვა. საქალაქო სასამართლოს 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ორივე მათგანს 400-400-ათასლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. დაცვის მხარე გირაოს თანხის 20 ათას ლარამდე შემცირებას მოითხოვდა, ხოლო პროკურატურა - ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი კობა ხარშილაძის შემთხვევაში დააკმაყოფილა, ფურცხვანიძის შემთხვევაში კი,  ძალაში 400 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დატოვა. ეს თანხა ბრალდებულმა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომენტარები