ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პუტინთან შეხვედრისთვის მზად ვიყავი, თუმცა შანსი არ იყო

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა Forbes-ის რუსულ რედაქციას განუცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად იყო, თუმცა, ამის შანსი არ ყოფილა.

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც მზად არის შეხვედრისთვის, თუმცა, საამისო ბაზა არ არის", - უთხრა ივანიშვილმა Forbes-ს.

მისივე თქმით, დავოსის ეკონომიკურ სამიტზე მისი შეხვედრა რუსეთის პრემიერმინისტრ დმიტრი მედვედევთან ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის იყო.

ბიძინა ივანიშვილმა Forbes-ის ჟურნალისტს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობაზეც ესაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ პირადად ის ოლიმპიადაზე დასწრებას არ აპირებს.

"რომ წავიდე, რაიმე მიზეზი უნდა არსებობდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ახლა ასე მნიშვნელოვანია - ამას საქართველოში არასწორად გაიგებენ, შესაძლოა, ეს რუსეთშიც არასწორად იქნეს აღქმული", - უთხრა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა Forbes-ს.

ივანიშვილის თქმით, საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებით, ძველ საბერძნეთში ოლიმპიადის დროს საომარი მოქმედებები ჩერდებოდა, სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა კი კარგი გზა არის შერიგებისკენ.

ბიძინა ივანიშვილის აზრით, სანამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია. ყოფილი პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებით შეცდომა დაუშვა და არ გაითვალისწინა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტური სიტუაცია.

ივანიშვილმა Forbes-ს უთხრა, რომ საქართველო ეცდება გახდეს ევროპული სახელმწიფო და ამ გზით, ძალის გამოყენების გარეშე, დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები.

"რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის არ აპირებს სახელმწიფოთა თვითგამორკვევის პროცესში ჩარევას. მე ეს განცხადება დამაიმედებლად მომეჩვენა", - განუცხადა Forbes-ს ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები